თურქული სამხედრო ვერტმფრენები ნახიჩევანში ჩავიდნენ

28-07-2020 23:43:28 კავკასია

თურქეთ-აზერბაიჯანის დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, თურქული სამხედრო ვერტმფრენები ნახიჩევანის რეგიონში ჩავიდნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენები ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა ჩაიტანა.

მანამდე გავრცელდა კადრები, რომელიც თურქეთის სამხედრო ძალისა და ტექნიკის აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგლებას ასახავდა.

წვრთნები თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.

ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები ისევე, როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა.

გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილა.

"მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მიმართონ ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისთვის", – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი რუსეთისთვის "ძალიან სენსიტიური საკითხია".

ცნობისთვის: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები