Accentnews.ge
ექსპერტებმა ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერზე მუშაობა დაიწყეს

ექსპერტებმა ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერზე მუშაობა დაიწყეს

28/07/2020 20:55:59 სამართალი

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს. როგორც ოჯახის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტები აღადგენენ წაშლილ ფაილებსაც. მანამდე მან განაცხადა, რომ კომპიუტერთან დაკავშირებით ის ვითარება არ დახვდა, რასაც გამოძიება შეპირდა და რომ დეტალებს არკვევდა.

„ვნახოთ, რა იქნება შიგნით. შემიძლია, გითხრათ, ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, იყოს მოძიებული. დეტალურად გვეცოდინება, როდის იყო ჩართული ბოლოს კომპიუტერი“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

მისივე თქმით, კომპიუტერი სამართალდამცველებმა სახლიდან 19 ივლისს წაიღეს და ექსპერტიზის ბიუროში 22 ივლისს შეიტანეს, რაც მას კითხვებს უჩენს:

„ვუთხარი, არ მოეხდინათ კომპიუტერის ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნა. მითხრეს, რომ ასე მოხდებოდა. ბოლომდე მაშინ დავრწმუნდები იმაში, რომ არ მოხდა წინასწარ შესვლა, როცა ყველაფრის კლონირება დასრულდება. მე მაინც ვეცდები, გადავამოწმო. ექსპერტების მხრიდან ჯერჯერობით ყველა კითხვაზე არის პასუხი. არაფერი ეტყობათ არაპროფესიონალიზმის – იდეალურად იყო განხორციელებული ეს პროცედურები“.

ადვოკატმა კომენტარი გააკეთა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“ გვერდთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აღარ იძებნება:

„იყო საუბარი, რომ დღეს ექაუნთი გაქრა და მოვითხოვე, ასე უცებ რა მოხდა. მითხრეს, რომ აღდგენის შემდეგ მოხდება „ფეისბუქთან“ დაკავშირება. იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს, ვის მიერ მოხდა გაუქმება. ეს გამოძიების ინტერესებშიც არის“.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა მოგვიანებით მას სსკ–ის115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S