
ონის რაიონის 12 სოფელი გარემოსამყაროს მოწყდა
29/07/2020 06:37:08 რეგიონები
ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზის სამი მონაკვეთი, მოსყვეტილ სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი.
„ცენტრალურ მაგისტრალზე სამ ადგილას არის ჩაწყვეტილი გზა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობასთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია. საკმაოდ დიდი ზარალია, რამდენიმე დღე დასჭირდება. ჯერ არც კი ვიცით რა დაგხვდება სხვა ლოკაციებზე. დავიწყეთ შემოვლითი გზების აღდგენა, კონკრეტულად რამდენი დღე დასჭირდება ვერ ვიტყვით, საკმაოდ რთული მონაკვეთებია. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რომ ვისი გადმოყვანაც აუცილებელი იქნება, უზრუნველვყოთ და გადმოვიყვანოთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო.ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება: უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს.
ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა.