საქართველოში გავრცელებული SARS-COV-2 შტამები მათი შემოტანის წყაროს მიხედვით რამდენიმე ჯგუფში გადანაწილდა
29/07/2020 08:27:47 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, კვლევის საფუძველზე საქართველოში გავრცელებული SARS-COV-2 შტამები მათი შემოტანის წყაროს მიხედვით რამდენიმე ჯგუფში გადანაწილდა. მაგალითად, ორი მათგანი ესპანური შტამების ორ სხვადასხვა კლასტერში მოხვდა, რაც მათი მოგზაურობის ისტორიას ადასტურებს; ასევე, იტალიიდან შემოტანილი რიგი შემთხვევები და მათი კონტაქტები ამავე ქვეყნის შტამებთან დაჯგუფდა; საქართველოს შიდა აფეთქებებიდან შემთხვევების ნაწილი ირანულ შტამებს დაუკავშირდა, ხოლო მეორე - რუსულ/ფრანგული შემთხვევების გვერდით აღმოჩნდა.
„კვლევის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განხორციელდა საქართველოში მოცირკულირე SARS-COV-2-ის მთლიანი გენომის გაშიფვრა ახალი თაობის სექვენირების ტექნოლოგიის გამოყენებით. აღნიშნული კვლევა პირველია რეგიონის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის გამომწვევ ვირუსის SARS-COV-2 გენეტიკურ დახასიათებაზე და მისი მიზანია პანდემიის გამომწვევი ვირუსის საქართველოში გავრცელებული შტამების მთლიანი გენომის გაშიფვრა და ფილოგენეტიკური ანალიზი.
კვლევაში გამოყენებული იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ COVID-19 ეპიდზედამხედველობის ფარგლებში აღებული და SARSCOV-2 ვირუსზე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეშვეობით დადასტურებული კლინიკური ნიმუშები.
მაღალი ვირუსული დატვირთვის მქონე ნიმუშებზე ჩატარდა SARS-COV2 გენომის სრული სექვენირება ახალი თაობის სექვენირების Illumina ტექნოლოგიის გამოყენებით. სამუშაო შესრულდა ლუგარის სჯ კვლევით ცენტრში.
კვლევის შედეგად სექვენირებული იყო 21 SARS-COV2 შტამის სრული გენომი, რომლებიც აიტვირთა საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში - GISAID. ამ ბაზაში არსებული მსოფლიო შტამების გენეტიკურ მონაცემებთან შედარებამ ჩვენში გამოვლენილი შემთხვევების ეპიდემიოლოგიური მიდევნების საშუალება მოგვცა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა ფილოგენეტიკური ანალიზი, რის შედეგადაც საქართველოში გავრცელებული SARS-COV-2 შტამები მათი შემოტანის წყაროს მიხედვით რამდენიმე ჯგუფში გადანაწილდა. მაგალითად, ორი მათგანი ესპანური შტამების ორ სხვადასხვა კლასტერში მოხვდა, რაც მათი მოგზაურობის ისტორიას ადასტურებს; ასევე, იტალიიდან შემოტანილი რიგი შემთხვევები და მათი კონტაქტები ამავე ქვეყნის შტამებთან დაჯგუფდა;
საქართველოს შიდა აფეთქებებიდან შემთხვევების ნაწილი ირანულ შტამებს დაუკავშირდა, ხოლო მეორე - რუსულ/ფრანგული შემთხვევების გვერდით აღმოჩნდა. ამ მიმართულებით კვლევა ცენტრში აქტიურად გრძელდება, რაც მისი სამეცნიერო ღირებულების მიღმა დიდ სამსახურს უწევს COVID-19-ის ეპიდზედამხედველობას საქართველოში“,– ნათქვამია ანგარიშში.


