დიდი ბრიტანეთის „მკაფიო სიგნალი“ რუსეთს - სანქციები

29-07-2020 13:22:06 ანალიზი

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ პირველად, დიდი ბრიტანეთი ინდივიდუალური სანქციების რეჟიმში გადავიდა და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს სანქციები, დაუწესა. ეს სანქციები როგორც გაერთიანებული სამეფოში შემოსვლის აკრძალვას, ისევე სანქცირებული პირების ყველა აქტივების გაყინვას გულისხმობს. სანქციები ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ეს ნაბიჯი მკაფიო გზავნილია ნებისმიერისთვის, ვინც ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს პატივს არ სცემს.

„დღეს, ეს მთავრობა ბრიტანელი ხალხის სახელით მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლად ვერ ივლიან ისინი, ვისაც ხელები სისხლში აქვთ გასვრილი, დესპოტები, დიქტატორების ხელქვეითები“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.

სანქციების სამიზნე რუსეთის ფედერაციის 25 მაღალჩინოსანიც გახდა. ეს ის პირები არიან, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის სასტიკი წამებისა და მკვლელობის საქმეში არიან გარეულნი, თუმცა დღემდე არც ერთი მათგანი არ დასჯილა. რუსი იურისტი, სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვში, „მატროსკაია ტიშინას“ საპყრობილეში გარდაცვლილი იპოვეს.

ის საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის პარტნიორი იყო და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხის მითვისების სქემა გაშიფრა. როგორც ამბობენ, მაგნიტსკიმ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური მაქინაციები გამოააშკარავა. ის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულის კვალზე გავიდა, რამაც კრემლი ძალიან გააბრაზა. მალევე ის გადასახადებისგან თავის არიდებისთვის დააპატიმრეს და როგორც მის ოჯახს და უფლებადამცველებს მიაჩნიათ, ციხეში წამებით მოკლეს.

დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო საშუალება „მედუზას“ ცნობით, ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოხვდნენ რუსეთის შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსეი ანიჩინი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ვიქტორ გრინი, მოსამართლე ალექსეი კრივორუჩკო, „მატროსკაია ტიშინას“ უფროსი ფიკრეტ ტაგიევი, გამომძიებელი ოლეგ სილჩენკო და საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოების ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები.

სანქციების დაწესებას გამოეხმაურა რუსეთის საელჩო ბრიტანეთში და ტრადიციულად მათ „აზრს მოკლებული“ უწოდა. ახლა საინტერესოა, როგორ მიიღებს პუტინი ბრიტანეთის „მკაფიო სიგნალს“ და უნდა ველოდოთ თუ არა კრემლის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში კიდევ უფრო მეტად ჩარევას, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი აგრესიული იყო რუსეთის საპასუხო ნაბიჯი „მაგნიტსკის აქტზე“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები