ერევანი თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებს ეხმიანება

29-07-2020 16:00:14 კავკასია

სომხეთის თავდაცვის მინისტრის დავით ტონოიანის განცხადებით, სომხური მხარე ყურადღებით დააკვირდება თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთობლივი წვრთნების ტაქტიკური ხასიათი მათთვის მიუღებელი არაა, თუმცა მთავარია, „წვრთნები პროვოკაციულ მოქმედებებში არ გადაიზარდოს“.

წვრთნები თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.

ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები ისევე, როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა. თურქული ტექნიკა აზერბაიჯანში უკვე ჩავიდა.

გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილა.

"მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მიმართონ ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისთვის", – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი რუსეთისთვის "ძალიან სენსიტიური საკითხია".

ცნობისთვის: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები