Accentnews.ge
​ბიბილოვის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის ფონზე ოსური “უშიშროება” ანტიქართულ პროპაგანდას აძლიერებს

​ბიბილოვის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის ფონზე ოსური “უშიშროება” ანტიქართულ პროპაგანდას აძლიერებს

29/07/2020 12:42:10 კონფლიქტები

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით რუსეთთან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ჩაკეტილი “საზღვრების” პირობებში ცხინვალის რეგიონში ფასები საგრძნობლად გაიზარდა, მოსახლეობის ცხოვრების ისედაც დაბალი დონე კი კიდევ უფრო დაეცა. ეს, ბუნებრივია, დე ფაქტო ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას ამწვავებს. “პრეზიდენტი” ანატოლი ბიბილოვი კი, რომელიც ხალხს რეალურ გამოსავალს ვერ სთავაზობს, ამ ვითარებაში არაერთგზის ნაცად ხერხს – “მტრის ხატის” შექმნასა და ანტიქართული პროპაგანდის გაძლიერებას მიმართავს.

სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება, განვიხილოთ თბილისის მიმართ ოსური “უშიშროების კომიტეტის” მორიგი აბსურდული ბრალდება, რომელიც 25 ივლისს “ქართული სადაზვერვო ჯგუფის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობას” ეხება.

“25 ივლისს, მოსკოვის დროით დაახლოებით 16:30 სთ-ზე ზნაურის რაიონში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა რესპუბლიკაში საქართველოს ერთ-ერთი ძალოვანი უწყების სადაზვერვო ჯგუფის შემოღწევის მცდელობა დააფიქსირეს. არსებული ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მხრიდან სახელმწიფო საზღვარს 6 ავტომობილით მოუახლოვდნენ ქართული პოლიციის ფორმებში ჩაცმული დაუდგენელი პირები. მათ შემოაღწიეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში 100 მეტრზე განთავსებულ სახელმწიფო საინფორმაციო ნიშნებთან და აწარმოებდნენ დაკვირვებას ოსურ სასაზღვრო ტერიტორიაზე, მათ შორის – კვადროკოპტერის გამოყენებით. შენიშნეს რა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ორგანოების წარმომადგენლები, ქართველმა ძალოვანებმა დემონსტრაციულად გააგრძელეს ეს მოქმედება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოსმა მესაზღვრეებმა ვიდეოფიქსაციის პროცესი დაიწყეს, ჩასხდნენ მანქანებში და ტახტისძირის მიმართულებით დაიძრნენ", - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

მისივე დასკვნით, “ქართული ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობა, რომელიც ოსური ქვედანაყოფების პირდაპირი ზემოქმედების სექტორებისკენ შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილების ბრძანებას გასცემს, ქმნის პირდაპირი შეტაკებების რეალურ საფრთხეს კონფლიქტის შესძლო ესკალაციითურთ”.

ამასთან, ოსური “უშიშროება” ტრადიციულად, პასუხისმგებლობას აკისრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც, რომელიც, მისი მტკიცებით, “არა მარტო არ აკონტროლებს თბილისის რეჟიმის ძალოვანი უწყებების სასაზღვრო ზოლის გასწვრივ განლაგებული ქვედანაყოფების მოქმედებას, არამედ ფაქტობრივად, ხელს უწყობს მათ პროვოკაციულ და დესტრუქციულ საქმიანობას”.

ცხინვალს მსგავსი ბრალდებები ადრეც არაერთგიზს გაუჟღერებია და ყოველ ჯერზე მისი მტკიცებების უსაფუძვლობას უარყოფდა როგორც თბილისი, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. განსაკუთრებით უყვარს დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის ყურადღების არარეალურ “საფრთხეზე” გადატანა მაშინ, როცა “რესპუბლიკაში” მუდმივად არსებული პრობლემები და მათთან ერთად სოციალური უკმაყოფილება მწვავდება.

ამჯერად ამ გამწვავების მიზეზი “პრეზიდენტ” ბიბილოვის გუშინდელი განცხადებაა იმის შესახებ, რომ რუსეთთან დე ფაქტო საზღვარი სექტემბრამდე დარჩება ჩაკეტილი. მოსახლეობაში, რომლის ცხივრების ისედაც დაბალი დონე ფასების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე ახლა კიდევ უფრო მეტად დაეცა, მუსირებს ხმები, რომ “საზღვრების” ჩაკეტილობა ბიბილოვსა და მის რეჟიმს აწყობთ, რომლებიც “მდგომარეობით სარგებლობენ და კიდევ უფრო მდიდრდებიან”.

ბიბილოვი მართლაც რომ არასახარბიელო სიტუაციაშია: თუ გახსნის ”საზღვარს” რუსეთთან, სადაც ამ დრომდე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და ცხინვალის რეგიონში ინფექციის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება დაიწყება, მოსახლეობა პასუხისმგებლობას ისევ მას დააკისრებს…

ამ ვითარებაში ხალხის “ქართული საფრთხობელათი” დაშინება ერთადერთია, რაც მის რეჟიმს რჩება და ის ამით სარგებლობს, მაგრამ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ეს ხერხი ამჯერად – უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S