აფხაზეთი — ეპიდკატასტროფის ზღვარზე

29-07-2020 17:49:37 კონფლიქტები

ვირუსოლოგიის დარგში ადგილობრივი «ექსპერტებისა» და შეთქმულების თეორიის სპეციალისტების მტკიცებების საწინააღმდეგოდ, Сovid-19-მა აფხაზეთამდე არა მარტო მიაღწია, არამედ რესპუბლიკის ცხოვრების ჩვეულ სტილს სერიოზული ცვლილებებით ემუქრება.

აფხაზეთში ვირუსის გავრცელების საფრთხეს თავიდანვე უკიდურესად არასერიოზულად ეკიდებოდნენ. სანამ Сovid-19 ჩინეთის, იტალიის, აშშ-ის შიდა პრობლემად რჩებოდა, ინტერნეტის აფხაზური სეგმენტი ფაქტობრივად აჭრელებული იყო ხუმრობებით «ნივრისა და ლიმონის სასწაულმოქმედი ძალის» შესახებ. ოდნავ მოგვიანებით სტაჟიანი «იუმორისტები» 5G-ანძებსაც გადასწვდნენ – მათი მეშვეობით ყველას დააინფიცირებენო და ეს რაღაც მსოფლიო ვაქცინაციასაც კი დაუკავშირეს, რომლის «წყალობითაც» ყოველი ადამიანი «ჩიპირებული» იქნება და მთელი კაციობრიობა რაღაც იდუმალი ძალების კონტროლს დაექვემდებარება.

ხუმრობების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, როგორც კი ვირუსი აფხაზეთის საზღვრებს მიახლოვდა. თუმცა ძალები იმისთვის, რომ პრობლემას სერიოზულად მისდგომოდა, რესპუბლიკის მოსახლეობამ თავის თავში ვერც მაშინ იპოვა, როცა აფხაზეთის მეზობელ რუსეთში ღიად დაიწყეს საუბარი ასობით ათას ინფიცირებულზე.

ცალკეული არასერიოზული მოქალაქეები მსოფლიო პანდემიაზე თვალს ხუჭავდნენ, აგრძელებდნენ აქტიურ მოგზაურობას რესპუბლიკაში და პირდაპირ დედაქალაქის ცენტრშიც კი აწყობდნენ პიკნიკებს. ამის გამო აფხაზეთში ახალი ხუმრობა გაჩნდა — ქვეყნის ნებისმიერ წერტილში დაუბრკოლებლად დასვენების შესახებ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ერის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები აგრძელებდნენ მოწოდებებს მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოჩენისკენ და გაფრთხილებებს ვირუსის გავრცელების შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე შედეგების თაობაზე. საქმეს ვერაფერი შველოდა. პირობითი (დროდადრო ქორწილებში, დაკრძალვებში და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გასვლით) თვითიზოლაციის შემდეგ ხალხი მოდუნდა და კორონავირუსს მხოლოდ საზღვრის გახსნის კონტექსტში თუ იხსენებდა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მეზობელ ქვეყანაში ვითარების დღითიდღე გაუარესება მათ ხელს არ უშლიდათ, ხელისუფლებისგან მოეთხოვათ იგივე სოჭში დაუბრკოლებლად გამგზავრება საშოპინგოდ.

მედიკოსების ყველა რეკომენდაცია არა უბრალოდ იგნორირდებოდა, ადამიანებს არ სჯეროდათ თავად დაავადების არსებობის და ინტერნეტის მეშვეობით ამაში სხვებსაც არწმუნებდნენ.

და ესოდენ მასობრივი სკეპსისის ფონზე სოხუმში დაავადების მასშტაბური აფეთქების შესახებ ინფორმაცია მეხის გავარდნას ჰგავდა. ამჯერად საქმე შესაძლოა, უკვე ასობით ინფიცირებულს ეხებოდეს. ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელების ეპიცენტრად აფხაზეთის ორი წამყვანი საავადმყოფო — რესპუბლიკური და პირველი კლინიკური იქცა. რიგი განყოფილებები უკვე დაიკეტა, თავად კლინიკები კი პაციენტებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ემსახურებიან. ყველა ინფიცირებული მედიკოსი ჰოსპიტალიზებულია გუდაუთის კოვიდ-ცენტრში, ხოლო პირები, რომლებსაც მათთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში მოათავსეს.

ამავდროულად გაჩნდა ინფორმაცია პარლამენტის ორი ინფიცირებული დეპუტატის შესახებ. ორივე ესწრებოდა გაფართოებულ სხდომებს, რომლებშიც რესპუბლიკის პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც მიიღეს მონაწილეობა. ორივე შეხვედრას, სადეპუტატო კორპუსისა და მედიის წარმომადგენლების გარდა, კიდევ 30-მდე სხვა პირი დაესწრო. თითოეულ მათგანს შესაძლოა, უშუალო კონტაქტი ჰქონოდა ინფიცირებულ დეპუტატებთან და შემდეგ ინფექცია უკვე პარლამენტს გარეთ გაევრცელებინა.

ამჟამად აფხაზეთის მაცხოვრებლები მოვლენათა შემდგომ განვითარებას სუნთქვაშეკრულები ელოდებიან. თუმცა უკვე დღეს აფთიაქების თანამშრომლები ხელთათმანებზე, პირბადეებსა და სადეზინფექციო საშუალებებზე მოთხოვნის ზრდას აღნიშნავენ. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი სააფთიაქო ქსელში არის, მაგრამ სადამდე ეყოფა აფხაზეთს არსებული მარაგი — ვერავინ ამბობს.

იმის გაცნობიერების ფონზე, რომ რესურსები არც ისე ბევრია, ახალ მიწოდებებს კი არსაიდან უნდა ველოდოთ, აბუჩად აგდებად გამოიყურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის — მარია ზახაროვას ქმედება: 23 ივლისს ასობით ტელეკამერის წინ მან მთელს მსოფლიოს უამბო თქმულება აფხაზეთისთვის რეგულარული დახმარების შესახებ. «პანდემიის დასაწყისიდან, აფხაზური მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩვენ უსასყიდლოდ ვაწვდიდით მას ტესტ-სისტემა «ვექტორს». მუდმივი დახმარების გარდა, რუსეთმა აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფები გაგზავნა, რომლებმაც სპეცტექნიკის გამოყენებით ობიექტების სადეზინფექციო დამუშავება განახორციელეს. რუსეთი მზადაა, მომავალშიც გასწიოს აუცილებელი დახმარება», - განაცხადა ზახაროვამ.

თუმცა ეს ყველაფერი ფაქტობრივად, მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებია. მარტის შუა რიცხვებიდან ამ დრომდე აფხაზეთში დამცავი საშუალებების, სამედიცინო პრეპარატებისა და მით უფრო საავადმყოფოებისთვის ესოდენ საჭირო ხელოვნური სუნთქვის აპარატების შეტანა ვერ ხერხდება. რუსეთმა ამ ყველაფრის გატანაზე აკრძალვა შემოიღო, მათ შორის — თავისი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობრისა და მეზობლის აფხაზეთისთვის. საქონლის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეტანას რესპუბლიკის ხელისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ახერხებს. სხვა ვერანაირად.

სანამ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა, იგივე ტესტ-სისტემების მარაგი საკმარისი იყო. მაგრამ ეხლა, როდესაც უკვე ასობით ინფიცირებულზე შეიძლება, იყოს საუბარი, ეს კი მინიმუმ, სამი ტესტია თითოეულზე, ეს მარაგი ზღვაში წვეთია. და როგორ იმოქმედებენ ძალზე არაორდინალურ (თუ გამოუვალს არ ვიტყვით) სიტუაციაში ჩაყენებული სპეციალისტები, კარგი კითხვაა.

ამ დროისთვის მოსახლეობაში პანიკა იზრდება. მხოლოდ ერთ დღეში ტესტირება 300-მდე ადამიანმა უნდა გაიაროს. აფხაზეთში ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც ბოლო დღეების ეპიდაფეთქებამდეც გადატვირთული იყო. ახლა მის თანამშრომლებს ანალიზების ტარება სადღეღამისო რეჟიმში მოუწევთ, რათა მედიკოსებმა ინფიცირებული პაციენტების დროულად იზოლირება შეძლონ.

თუმცა, როგორც ჩანს, ნონ-სთოფ რეჟიმში მუშაობა მათ დიდხანს არ მოუწევთ, უფრო სწორად, ბოლო ტესტ-სისტემამდე. და ეს არა ვარაუდი, არამედ რეალობაა, რომელთან შეჯახებაც აფხაზეთს უკვე უახლოეს დღეებში მოუწევს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთს როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ისე ყველა საჭირო მიმართულებით დახმარებას სხვა მეზობელი — საქართველო სთავაზობდა. და ეს წინადადება ჯერაც ძალაშია.

კრისტინა ავიძბა

________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

_________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები