
რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა
29/07/2020 19:36:48 საშინაო პოლიტიკა, რეგიონები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს.
საგანგებო შტაბის შემადგენლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას“, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში პრემიერის დავალებით იმყოფებიან, გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიტუაციური ოთახიდან ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ადგილზე არსებული მდგომარეობის, დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.
საქართველოს მთავრობის პირველადი ინფორმაციით, წყალდიდობის გამო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.