
გორისა და ატენის მიტროპოლიტი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოსვლას ეხმიანება
20/06/2019 15:55:36 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოსვლას ეხმიანება.
„გუშინ, ასამბლეის სხდომის გახსნაზე მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ოკუპაციის საკითხი.
ვიცით რა საქართველოს პარლამენტის წევრების და ხალხის დამოკიდებულება ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენისადმი, მიმაჩნია, მიუხედვად იმისა, რომ ასამბლეაზე დაყენებული თემა, მართლმადიდებელთა ერთიანი ხმის არსებობა, ჩვენი ქვეყნისა და ადამიანებისათვის ყველა საჭირბოროტო საკითხზე დიალოგის გამართვა ძალზედ მნიშვნელოვანია - დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრისაგან სხდომის წაყვანა, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის დარღვევას, არის არასწორი“, - აცხადებს მიტროპოლიტი ანდრია.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.
სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ და სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატებსაც. არსებული ინფორმაციით, რუსი დეპუტატები საქართელოს 22 ივნისის ნაცვლად, უკვე დღეს დატოვებენ.
ამჟამად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სირცხვილია" მიმდინარეობს.