
ჯიშკარიანმა და რამიშვილმა ომბუდსმენის აპარატში მტკიცებულებები წარადგინეს
30/07/2020 14:47:59 სამართალი
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს შეხვდნენ.
მიხეილ რამიშვილისა და მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, მათ ომბუდსმენის მოადგილეს თვალთვალისა და შანტაჟის ამსახველი ყველა მტკიცებულება მიაწოდეს.
„სახალხო დამცველის ოფისს მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის იყო ცნობილი, გარკვეული მტკიცებულებებიც გავაცანით და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით . რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თავის უფლებამოსიულების და შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, აღნიშნული ფაქტით, მიწოდებული მტკიცებულებებითა და მასალით დაინტერესდებიან და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ „ემპათიას“ ექსპერტებმა და ადვოკატმა რამიშვილმა, რომელიც ამჟამად 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, ზეწოლის მცდელობის ფაქტებზე და უკანონო თვალთვალზე ისაუბრეს. მათივე თქმით, ადგილი აქვს მუქარასაც. როგორც აღინიშნა, მსგავსი სახის სეტევას ორგანიზებული ხასიათი აქვს და მან განსაკუთრებით მასშტაბური სახე ბოლო პერიოდში მიიღო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ „ემპათიას“ ექსპერტები რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეში არიან ჩართულნი, თუმცა აღნიშნულმა ექსპერტებმა თავიანთი კრიტიკული შენიშნვები 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზეც დააფიქსირეს.
ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ეფექტური გამოძიების მოთხოვნით ახალქაზრდა ქალის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.
25 ივლისს პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ოჯახი საქმეში აშშ–ის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი კი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული, თუმცა, შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალი არავის აქვს წარდგენილი.
ორივე საქმეს სადღეისოდ შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიცია იძიებს.