
11–თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა
30/07/2020 17:03:11 კონფლიქტები
ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრა 6 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა თქვა, ბედნიერია იმით, რომ ჩატარდა შეხვედრა და მასში ყველა მონაწილეობდა.
როგორც შჩიგელი ამბობს,მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, შეეხნენ სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის თემებს. გარდა ამისა, განხილვის თემა იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარების გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე.
შჩიგელის ინფორმაციით, საუბრის თემა იყო ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე უსაფრთხოების მდგომარეობა; უკანასკნელი დაკავებების საქმეები; ასევე სხვა გადაუჭრელი მნიშვნელოვანი ინციდენტები.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რეგულარულ ფორმატში. მომდევნო შეხვედრის გამართვის სავარაუდო თარიღია 24 სექტემბერი.
რაც შეეხება დაკავებულებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ მათი უპირობოდ გათავისუფლების საკითხი დააყენა:
„ჩვენ მოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, პასუხები, რაც მივიღეთ უკვე ნათქვამი ჰქონდათ და ახალი არაფერი დაუმატებიათ. როგორც ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე გენადი ბესტაევთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა გავაცანით, რომ ისინი უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. კონსულტაციების წარმოებაზე უარი არ უთქვამთ და ამაზე აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება სექტემბერში“.
ამასთან, ანთიძე ამბობს, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა გახელაძე თავს კარგად გრძნობს, მას უტარდება გეგმიური სამედიცინო მომსახურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:
„ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი. გარანტიებზე საუბარი ნაადრევია“.
ანთიძის თქმით, მღებრიშვილის საკითხზე დაისვა კონკრეტული შეკითხვა, ე.წ. ბრალი რა ფორმით იყო ინკრიმინირებული:
„მიღებული პასუხის მიხედვით, მას ე.წ. ბრალი ედება უკანონო საზღვრის უკანონო კვეთაში. რაც შეეხება ღამურების ეპიზოდს, ჩვენ ვერ მივიღეთ დადასტურება, რომ მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფლორის ხელყოფის მცდელობას“, - აღნიშნა მან.
შეხვედრაზე ცალკე განხილვის თემა იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ირგვლივ განვითარებული პროცესები.
„ეს არ ყოფილა დაკავშირებული უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხთან. ის ცალკე ბლოკად განვიხილეთ, ამაზე კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება. პროცესი არის რთული და შრომატევადი, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გადავავლებთ თვალს ყველა ფაქტს, რაც კი მომხდარა, უკანონოდ დაკავებული ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს“, - დასძინა ირაკლი ანთიძემ.
ცნობისთვის: ამჟამად ტყვეობაში იმყოფებიან ზაზა გახელაძე, ხვიჩა მღებრიშვილი და გენადი ბესტაევი. სამივე მათგანი თავდაპირველად ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დაკავებულებს ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ, თუმცა გახელაძის, მღებრიშვილის და ბესტაევის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყეს.
ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს ბრალად სდებს სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას. დაკავებისას გახელაძე ფეხში დაჭრეს.
ხვიჩა მღებრიშვილს „საზღვრის“ დარღვევის გარდა ადანაშაულებენ წითელ წიგნში შეტანილი სახეობების კონტრაბანდაში. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილი „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ ღამურების ჭუპრების შეგროვებას აპირებდა.
სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბესტაევი ცხინვალის ციხეში იმყოფება.
ერგნეთის შეხვედრა 11 თვეა აღარ გამართულა. ბოლო, 2019 წლის 29 აგვისტოს შეხვედრა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. ოსური მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. სექტემბერში რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით განიხილება პრობლემური საკითხები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავება, ე.წ. ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გლეხების მიერ მიწის უსაფრთხოდ დამუშავების უზრუნველყოფა, სარწყავი წყლით სოფლების მომარაგება და ა.შ.
ერგნეთის შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა.