რამ გამოიწვია ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე წყალმცენარეების უჩვეულოდ ჭარბი მატება

31-07-2020 10:14:11 რეგიონები ,რეკლამა

გარემოს ეროვნული სააგენტო ივლისის დასაწყისში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების დაფიქსირების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ ამჟამად წყალმცენარეები აღარ ფიქსირდება, ზღვის წყლის სინჯებში მიკრობიოლოგიური კომპონენტები ნორმას არ აჭარბებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება მოხდინეს - ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, აიღეს სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სანაპიროზე დაფიქსირებული წყალმცენარეები, ძირითადად, გვხვდება მომლაშო წყლებსა და საზღვაო აკვატორიაში. აღნიშნულ მცენარეებს მასიური გამრავლება ახასიათებს გაზაფხულსა და ზაფხულში. ზღვის სანაპირო ზოლზე კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული წყალმცენარეების ეს სახეობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

20-21 ივლისს, განმეორებით შეფასდა ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის სანაპირო ზოლი. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აღნიშნულ აკვატორიაში, წყლის ზედაპირსა და სანაპირო ზოლზე მწვანე წყალმცენარეები აღარ ფიქსირდება.

24 ივლისს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ განხორციელდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე (ფოთი-გრიგოლეთი-ყვავილნარი-ურეკი), მდ. კაპარჭინასა და მდ. სუფსაზე წყლის ხარისხის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. შედეგების მიხედვით, ზღვის წყლის სინჯებში მიკრობიოლოგიური კომპონენტების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

სავარაუდოა, რომ ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმცენარეების გამრავლება გამოიწვია კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების თანხვედრამ, რასაც დაემატა მდ.კაპარჭინას დაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოთავისუფლდა ბიოგენური ელემენტების დიდი რაოდენობა და ჩამოიტანა ზღვაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის ხარისხისა და სანაპირო ზოლის რეგულარულ მონიტორინგს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები