Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე არც გადადგომას და არც ბაქოში ვიზიტის შეწყვეტას აპირებს

ირაკლი კობახიძე არც გადადგომას და არც ბაქოში ვიზიტის შეწყვეტას აპირებს

20/06/2019 17:31:19 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში დღეს რუსი დეპუტატების ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარზე „პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს იმის მიხედვით, თუ სად და რა დოზით გაიპარა ხარვეზი“. 

კითხვაზე, დეპუტატ ნიკა მელიას მუქარის შესახებ, რომ მას სასესიო დარბაზში არ შეუშვებენ, კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას შემდეგი პასუხი გასცა: 

„ნიკა მელია თუ ისეთ რამეს განიზრახავს, რაც არ უნდა განზრახოს, მაშინვე მიიღებს შესაბამის პასუხს“. 

მისივე თქმით, საქართველოში რუსი დეპუტატების შემოშვება/არშემოშვებისთვის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. 

„მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში თბილისში ჩამოსვლაზე უარი ეთქვა ორ რუს დეპუტატს, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ქონდათ,  ხოლო იმ სამ რუს დეპუტატს, რომლებიც ჩამოვიდნენ,  ეს კანონი დარღვეული არ ქონდათ. [...] თუმცა ჩემთვის  შოკისმომგვრელი იყო, როცა ვნახე გავრილოვის ფოტო, რომელიც სპიკერის სავარძელიში იჯდა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა უმრავლესობისა და მმართველი გუნდის წევრებს მომხდარზე „მყისიერი რეაგირებისთვის“.

"რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, ასამბლეის პარლამენტში გამართვის შესახებ დოკუმენტს თითქოს მე მოვაწერე ხელი, სიმართლეს არ შეესაბამება", – დასძინა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ კობახიძე ამჟამად ბაქოში იმყოფება და როგორც პარლამენტში აცხადებენ იგი ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ და სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატებსაც. რუსმა დეპუტატებმა საქართელოს ვადაზე ადრე, ცოტა ხნის წინ  დატოვეს. 

ამჟამად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სირცხვილია" მიმდინარეობს. დემონსტრანტები სუს–ის ხელმძღვანელის, შს მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S