Accentnews.ge
სომხეთმა შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა

სომხეთმა შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა

31/07/2020 09:43:27 მსოფლიო

სომხეთმა შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერი შუშან სტეფანიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების მოულოდნელი შემოწმების გეგმის თანახმად, საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადავიდნენ შეიარაღებული ძალების პირველი რიგის სამხედრო ნაწილები და ცენტრალური სარდლობის ძალების ნაწილი.

„მიზანი, ჯარების საბრძოლო მზადყოფნის და რთულ ვითარებაში სწრაფად მოქმედების უნარის შემოწმება, ძალების და საშუალებების ურთიერთმიმართების საკითხების დადგენაა“ , – აცხადებს შუშან სტეფანიანი.

თავის მხრივ აზერბაიჯანული მხარე აღნიშნავს, რომ „თუკი ერევანი თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს“:

„სომხეთის შეიარაღებული ძალების პირველ ეშელონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლისა და უეცარი შემოწმების დაწყების მიზეზი სომხეთის მთავრობაში აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი წვრთნების გამო გაჩენილი შიშია. თუკი სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში და დასძენენ,

„სომეხმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სურს, სომხეთის ჯარმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვოს.“

ცნობისთვის: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად აზერბაიჯანში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.

ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები ისევე, როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა. თურქული ტექნიკა აზერბაიჯანში უკვე ჩავიდა.

გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S