
მედია – COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე გახდა
31/07/2020 10:16:51 მსოფლიო
ამერიკული კომპანია "მოდერნას" მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე გახდა, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჩინეთის ორ მოქალაქეს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენა. ბრალდების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინელმა ჰაკერებმა ბიოტექნოლოგიური კომპანია „მოდერნას“ კომპიუტერულ ქსელში იანვარში შეაღწიეს.
პეკინში ჩინელი ჰაკერების მხრიდან ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაზე მიტანილი კიებერიერიშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო უწოდეს.
ცნობისთვის: 27 ივლისს "მოდერნას" მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის დასკვნითი გამოცდა დაიწყო. აშშ–ში ცდაში მონაწილეობას 30 000–ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ცდის ბოლო ეტაპის შედეგად მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ პასუხს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თაობაზე.
15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველადმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.
მსოფლიოში COVID-19–მა 677 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 492 000–ს გადააჭარბა, 10 955 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1168-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 940 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.