ზუგდიდის სასწრაფო დახმარებას ახალი შენობა და ავტომობილები გადაეცა

31-07-2020 15:15:14 საზოგადოება ,რეკლამა

ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა და ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადაეცა. დღეიდან ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში, განახლებული ავტოპარკით გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ადმინისტრაციული შენობა დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა და თანამშრომლებს განხორციელებული სიახლეები პირადად მიულოცა.

სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

რაც შეეხება განახლებულ ავტოპარკს, ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ჯამში ხუთი ახალი, სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მათგან ოთხი სასწრაფო დახმარების მანქანაა, ხოლო ერთი – რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 25 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 28 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები