
ჯანდაცვის მინისტრი ლილოს ბაზრობაზე არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს
31/07/2020 11:49:26 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, ლილოს ბაზრობაზე 3800 ადამიანის გამოკვლევა ჩატარდა და მათგან COVID-19 მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა.
როგორც მინისტრი ამბობს, კვლევა სხვა ბაზრებზეც ჩატარდება, თუმცა ამ ეტაპზე, არა მასშტაბური.
„ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას. ასევე, გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები შეგროვდება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. ე.წ. დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობაზე დავგეგმავთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: ლილოს ბაზრობაზე გამოვლენილი შემთხვევების შემდეგ, 27 ივლისს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით, ამიტომ დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს.
„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ იქ 3 დღეა, დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულია 1415 ადამიანი, აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა განმეორებით და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ეს ორი წერტილი - ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე. გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა“, - განაცხადა 27 ივლისს გამყრელიძემ.