
„სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია“
31/07/2020 12:08:42 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო რამდენიმე მოდელზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„განათლების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, თუმცა სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, ვინაიდან დღევანდელი ეპიდვითარება ჩვენ ამის საფუძველს არ გვაძლევს. საუბარია სხვადასხვა მოდელზე, მას შემდეგ რაც განათლების სამინისტრო დააზუსტებს, საჭირო დროს ჩვენს მოქალაქეებს აცნობებს. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სწავლა უნდა იყოს ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხო და რა თქმა უნდა, ჩვენმა ბავშვებმა უნდა შეძლონ და მიიღონ შესაბამისი განათლება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის სიმძიმე დაკლებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის შემოდგომაზე თავის ხასიათს არ შეიცვლის:
„რაც შეეხება კლინიკურ სიმძიმეს, ვირუსი, რა თქმა უნდა, თავის ხასიათს იცვლის. მას აქვს სხვადასხვანაირი გამოვლინება. მისი სიმძიმე დღეს მეტ-ნაკლებად დაკლებულია. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ შემოდგომაზეც მას ექნება იგივე გამოვლენა, სავსებით შესაძლებელია რომ ვირუსი კვლავ შეიცვლის თავის გამოვლენის თვისობრიობას და ასევე სიმძიმის მახასიათებლებს. რაც შეეხება რა რაოდენობას ველოდებით და რა მასშტაბის იქნება ვირუსის გამოვლენა, ეს სრულად არის დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის მზაობაზე და ასევე მათ დამყოლობაზე როგორ ითანამშრომლებენ ისინი ეპიდემიოლოგებთან. ასევე როგორ შეასრულებენ ყველა იმ მითითებას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავიცავთ, შევძლებთ, რომ მეორე ტალღა მსუბუქად დავძლიოთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკები მატულობს. ჩვენ ვემზადებით ჰოსპიტალურ სექტორში“.
ცნობისთვის: 31 ივლისის დილის მონაცემევით, საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 940 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში კოვიდის 249 აქტიური შემთხვევა დასტურდება.