კოჯორში თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის დროშის გადაბარების ღონისძიება გაიმართა

31-07-2020 17:00:04 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო დროშა დღეს ახალ მთავარ სერჟანტს გიორგი გოგოჭურს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში სიმბოლურად გადაეცა. მას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობრივი უფლებამოსილება წინამორბედმა კობა ცირეკიძემ გადააბარა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთავარ სერჟანტს საბრძოლო დროშის გადაბარება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი თავდაცვის ძალების ის ხერხემალია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინის, გაწვრთნისა და საბრძოლო მოტივაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. გიორგი გოგოჭურს ახალი თანამდებობა მიულოცა ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

„გიორგი გოგოჭურმა თავდაცვის ძალებში მსახური 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურით დაიწყო. სხვადასხვა დროს იკავებდა ოცეულის, ასეულის, ბატალიონის და ბრიგადის სერჟანტის პოზიციებს, ასევე იყო JTEC-ისა და აღმოსავლეთ სარდლობის მთავარი სერჟანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები