გარემოს ეროვნული სააგენტო: „რაჭაში ამ ეტაპზე განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არსებობს“

31-07-2020 17:35:16 რეგიონები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენების მიზეზებს სწავლობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, სტიქიური მოვლენები ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და მყინვარების თანდართულმა ინტენსიურმა დნობამ ონის, უწერას, შოვის, გლოლასა და ღების მონაკეთებზე მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია

„სტიქიის დროს, 12 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 84 მმ-ს მიაღწია; შოვის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, წყლის ხარჯმა ქალაქ ონთან 507მ³/წმ შეადგინა.

ამ ეტაპზე, მდინარე რიონის აუზში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება. პირველადი შეფასებით, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არ ფიქსირდება, რაც ამ დროისათვის განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროებას არ ქმნის“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ადგილზე რჩება და მიმდინარე პროცესზე მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციებს მოამზადებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები