
პოლონეთის საგამოძიებო კომისიის ცნობით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში ტროტილი რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს განათავსეს
31/07/2020 17:16:13 მსოფლიო
პოლონეთის საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში Tu-154 ტროტილი რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს განათავსეს, – იუწყება პოლონური მედია კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით.
საგამოძიებო კომისია თვითმფრინავში ორი აფეთქების შესახებ იტყობინება, რომელიც თვითმფრინავის მარცხენა ფრთაზე და ცენტრალურ ნაწილში მოხდა.
ანგარიშის მიხედვით, თვითმფრინავში ტროტილთან ერთად პენტრიტის და ჰექსოგენის კვალიც აღმოჩნდა. აღნიშნულ დასკვნამდე კომისია პოლონეთისა და ბრიტანეთის ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევის შედეგად მივიდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი სავარაუდოდ იმ ნაწილებზე აღმოჩნდა, რომელიც რუსმა ტექნიკოსებმა რემონტის დროს 2009 წელს გამოცვალეს.
2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთის დელეგაცია კატინში 1940 წელს მომხდარი ტრაგედიის წლისთავის აღსანიშნავად მიემგზავრებოდა.