ბაჩალიაშვილის დედა: "5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო"

31-07-2020 21:43:59 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი "ფორმულასთან" ინტერვიუში ყვება, რომ თამარი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა.

„მამამისს სთხოვა, "ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო". მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი, ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვით, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია, "მქონდეს მაინცო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ირკვევა, რომ ელექტროშოკი გარდაცვლილის მანქანაში აღმოჩნდა.

კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, რაზეც დედა ამავე ინტერვიუში საუბრობს, ეს თამარის სამოსს უკავშირდება. კერძოდ, დედამ გაარკვია, რომ ახალგაზრდა ქალი შინიდან შავი ფერის სამოსით გავიდა, ასევე მუქ სამოსში შენიშნეს თამარი თვითმხილველებმა მაწევანსა და გოლთეთში, თუმცა უკვე გარდაცვლილს თეთრი ზედა ეცვა.

ამასთან, დედა ამბობს, რომ 18 ივლისის დაახლოებთ, 14:00 საათიდან თამარის ტელეფონი გამორთული იყო, სწორედ ამიტომ ვერ ახერხებდა დედა მასთან კონტაქტზე გასვლას, ძებნისას კი პოლიციაში უთხრეს, რომ საღამოს 21:00 საათამდე ტელეფონის სიგნალი ფიქსირდებოდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ამ წუთებში შს სამინისტროში ბაჩალიაშვილები იმყოფებიან.

განახლება

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძესთან შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, დაპირება მიიღეს, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ.

„როგორც სიტყვა მოგვცეს, ყველაფერს დეტალურად, თავის დროზე გაგვაცნობენ და სწრაფად გამოიძიებენ. დღეს ისეთს არაფრს გავეცანით. ყველაფერი აინტერესებდათ, ჩვენ რა ვიცით. მოვუყევით, დანარჩენს დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ოჯახის ინტერესების დამცველის ცნობით, კრიმინალურ პოლიციას საქმის მასალები სწორედ დღეს გადაეცა და მიიღო დაპირება, რომ კომუნიკაციის პრობლემა არ იქნება.

"აბსოლუტურად დეტალურად გვქონდა საუბარი ბატონ მამუკა ჭელიძესთან, იმ ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლოციაში გამოძიება იმ არანორმალურ მდგომარეობასთან, იმ ყველაფერთან, დროის გაჭიანურებასთან, რაც იყო. უფრო სწორად, ყველა კითხვა დავუსვით და დაუსვეს ოჯახის წევრებმა და გვითხრეს ასეთი რამ, რომ მათი მხრიდან იქნება ყველაფერი, ყველანაირად ეცდებიან, რომ უმოკლეს ვადაში იმ კითხვებს გასცენ პასუხები, მოძიებული იქნეს ყველაფერი, რომ დადგინდეს რა იყო გამოწვეული...

ჯერ არაფერია დადგენილი. ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადმოიტანეს საქმის მასალები.. შუამდგომლობები დაკმაყოფილებულია, მაგრამ როდის იქნება გადმოცემული, როდის იქნება ამოღებული, ჯერ არ არის მაგაზე პასუხი.. ჩვენ გვქონდა კითხვები, რატომ მოხდა ყველაფერი ეს სამხარეო პოლიციაში.. მეტი არაფერი არ იყო აქ დღეს. გამოძიებას ვენდობით იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყება შესაბამისი ქმედების განხორციელება ხომ? ახლა როგორ შეიძლება მე ნდობა/არ ნდობაზე ვილაპარაკო...

გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობებს შეგვიქმნიან, რომ გვქონდეს კონტაქტი. ყველანაირ პირობას შემიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მოვიდე, ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი. არ ვიყო ბიბლიოთეკაში, როგორც მიწევდა ყოფნა. ნებისმიერი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული - ეს მითხრეს და ვნახოთ",- ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები