
ერთ–ერთი ახალი პაცინტის ინფიცირების წყარო სამედიცინო პერსონალია
02/08/2020 10:00:27 საზოგადოება
გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და პაციენტი რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებული ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის შვილია.
„ჩვენ მიერ აღებული „პისიარ“ ტესტებიდან და საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი სამი დღის წინ დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის შვილია. დედა-შვილი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. მათ გაჩიანთან საერთოდ შეხება არ აქვთ“, – განაცხადა ბუდაღაშვილმა.
როგორც გარდაბნის მერი აცხადებს, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოფელი, სადაც ეპიდემიოლოგები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, ყარაჯალარია, დანარჩენ სოფლებში ნორმალური ვითარებაა და ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ამასთან, გარდაბნის მერის თქმით, სოფელი ყარაჯალარიდან ბაზარზე პროდუქტების გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს:
„მოსახლეობის ნაწილმა – რვა ადამიანმა მოისურვა, პროდუქციის რეალიზება თავად განეხორციელებინა. მათ გუშინ „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდათ. პასუხები უარყოფითია და სამი დღის განმავლობაში ისინი საკუთარი პროდუქტის ბაზარზე გატანას, კონტროლის დაცვით, შეუფერხელბლად შეძლებენ“.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოორნავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.