
"აქ რაც ხდება, მცდელობაა პოლიტიკური მოტივით, ქვეყანა წავიყვანოთ კატარსტროფისკენ"
20/06/2019 18:47:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ტრაგედია უწოდა.
"ის რაც ახლა ხდება არა სამწუხარო, არამედ ტრაგედიაა. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, ზოგჯერ შესაძლოა, სამართლიანიც, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, თავდასხმა პარლამენტზე, პოლიციაზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს, ამას ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯენა კანონის სრული სიმკაცრით",– განაცხადა გახარიამ.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, პოლიციელებს, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ცდილობენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ,მისცენ შესაძლებლობა, საკუთარი ფუნქცია შეასრულონ.
"ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, წყნარად დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ",– განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება საქართველოში შემოსულ რუს დეპუტატებს, როგორც შს მინისტრი ამბობს, ჯგუფს შორის შსს–მ ამოაგდო ორი დეპუტატი, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი, ხოლო დანარჩენებს ეს კანონი დარღვეული არ ჰქონდათ.
"აქ რაც ხდება, არის პოლიტიკური მოტივით მცდელობა, ქვეყანა მივიყვანოთ კატარსტროფისკენ. არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, ვინ იქნება ოპოზიციაში პოზიციაში.
როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე უპრობლემოდ გადავდგები",– განაცხადა გახარიამ.
ამ განცხადების გაკეთებამდე გახარიასა და სალომე სამადაშვილს შორის პარლამენტში მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სამადაშვილმა გახარიას გადადგომა ურჩია.