
ადვოკატის ცნობით, არის ვარაუდი რომ თამარ ბაჩალიაშვილს შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა
03/08/2020 10:31:56 სამართალი
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ცნობით, არის ვარაუდი, რომ ბაჩალიაშვილს ჰქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა მისი სიცოცხლის მოსპობის დაგეგმვა და სწორედ ამიტომ უნდა გადამოწმდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერები.
მისი თქმით, პროკურატურამ სასწრაფო წესით, ვიდრე ჩანაწერები წაიშლება, უნდა მიმართოს სასამართლოს ორდერის თაობაზე.
„ლოკაციები, სადაც გადაადგილდებოდა, არანაირად არ შეიძლება, ადამიანი თვითმკვლელობისთვის მიდიოდეს. ისეთი გარემოა, სადაც შეიძლება, ზუსტად, რაღაც შეხვედრა იგეგმებოდა, ვინმე უნდა ენახა და ისეთი ადგილმდებარეობაა, რომ სრულიად შესაძლებელია, იქ ჰქონდა მას ვიზიტი დაგეგმილი ვინმესთან,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, დღეს გადაწყდება, როდის ჩატარდება ავტომობილის ექსპერტიზა.
„დღეს უნდა შევათანხმოთ შსს-სთან დრო და ექსპერტები, ვინც დაესწრება ამ ყველაფერს და ამავდროულად, უკვე გვეცოდინება თუ როგორ და რა პროცედურით იქნებიან ჩართულები უცხოელი ექსპერტები კომპიუტერთან დაკავშირებით და იმ ექსპერტიზებთან რომლებზეც მინდა რომ იყვნენ უცხოელი ექსპერტები,“- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული საკალმახე მეურნეობა შპს "ათ"-ი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული კამერები 4 წელია, არ მუშაობს.
23 წლის პროგრამისტი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეს ჯერ სამხარეო პოლიცია იძიებდა, შემდეგ კი გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა სამსახურმა გადაიბარა.
ძიება ორი – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლლობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.