
ბაჩალიაშვილის მამა – აშშ-ის საელჩოზე: "იმედი მოგვეცა, დაგვეხმარებიან, ყველაფერს გავაკეთებთო"
04/08/2020 09:12:58 სამართალი, საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკული მხარი ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გაირკვევა თუ როდის შეხვდება ოჯახი ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.
“პატარა იმედი მოგვეცა, დაგვეხმარებიან ყველაფერში, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთო. ინფორმაცია მივაწოდეთ რაც ხდება ამ უსამართლო გამომძიებლებთან. გულთან ახლოს მიიტანეს ყველაფერი და დაგეხმარებით ყველაფრითო. როდის შევხვდებით ამერიკის ელჩს, ამ დღეებში მეცოდინება“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.
ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.