
ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შესულთა 90%-ზე მეტს შესაძლოა, კარანტინი არ გაევლო
04/08/2020 11:55:35 კონფლიქტები
ოსური “პარლამენტის” დეპუტაცია რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის ბოლოდროინდელი კვეთის სტატისტიკით დაინტერესდა და დაადგინა, რომ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან შესულთა 90%-ზე მეტს შესაძლოა, სავალდებულო კარანტინი არ გაევლო.
შესაბამისი შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “სახალხო პარტიამ” გამოაქვეყნა. იგი 1-დან 30 ივნისის ჩათვლით ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შესული მოქალაქეების რაოდენობის შესახებ დე ფაქტო უშიშროების ოფიციალურ სტატისტიკასა და კარანტინგავლილთა შესახებ “იუგოსპოტრებნადზორის” მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად გასხვავდება. კერძოდ, ოსური “უშიშროების” მონაცემებით, ხსენებულ პერიოდში “რესპუბლიკაში” რუსეთიდან სულ 2195 ადამიანი შევიდა, “იუგოსპოტრებნადზორის” ცნობით კი, იმავე პერიოდში სავალდებულო კარანტინი 207-მა, ანუ მთლიანი რაოდენობის სულ 9,4%-მა გაიარა.
“დეპუტატებმა” განმარტებებისთვის დე ფაქტო პრემიერ ერიკ ფუხაევს მიმართეს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ოფიციალურ შტაბს ხელმძღვანელობს, ფუხაევის პასუხს ოსურ “პარლამენტში” მიმდინარე კვირის განმავლობაში ელიან.
ცნობისთვის: დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის განკარგულებით, რუსეთთან დე ფაქტო საზღვარი ოფიციალურად თვის ბოლომდე ჩაკეტილი დარჩება.