
რა მასალა ინახებოდა ბაჩალიაშვილის ლეპტოპში – ადვოკატის კომენტარი
04/08/2020 12:07:42 სამართალი
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა, თუმცა აღმოჩენილია სისტემური და მომხმარებლის 193 896 ფოტო და 480 ვიდეომასალა.
მისივე ცნობით, ბაჩალიაშვილს ბოლოს ლეპტოპი ჩართული აქვს 18 ივლისს, 10:02 საათზე.
„ვერაფერი მოვიძიე. არის იუთუბზე შესული, კინოები აქვს ნანახი. სხვაგვარი ფაილები, არ არსებობს. ექსპერტიზისთვის დასმული კითხვები იყო:
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის" მარკის ლეპტოპიდან მოხდეს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ, სოციალურ ქსელებში „ფეისბუკიდან“, „მესენჯერიდან“, „ვოთსაფიდან“, „ინსტაგრამიდან“, „სკაიპიდან“ და ა.შ არსებული საკონტაქტო ინფორმაციული საკომუნიკაციო ზარების ამსახველი ინფორმაცია და გავრცელებული მიმოწერა;
- ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას დანაშაულთან დაკავშირებული შემცველი ფოტო და ვიდეო ფაილები, მათი გადაღების თარიღების მიხედვით, იყო თუ არა აღნიშნული ფაილები გაგზავნილი სოციალურ ქსელში;
- ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას ვებგვერდებზე შესვლის ისტორიები.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. აღმოჩნდა გაურკვეველი ყვავილებისა და პეიზაჟების ფოტოები. იცით როგორი ასოციაცია დამრჩა? რომ ეს არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, არამედ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის. მგონი, მე უკეთესი პერსონალური კომპიტერი მაქვს, მეტად სამუშაო პროცესში მყოფი, უფრო ბევრი ფაილებით დატვირთული, უფრო მეტი ინფორმაციის მქონე, ვიდრე თამუნას პერსონალური კომპიუტერია"- უამბო ჟურნალისტებს რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის დატოვების შემდეგ.
ადოკატს პირად კომპიუტერში აღმოჩენილმა მასალამ ეჭვები კიდევ უფრო გაუღრმავა და ის ფიქრობს, რომ საქმეში ფედერალური ბიუროს ექსპერტები აუცილებლად უნდა ჩართონ:
„უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ კომპიუტერთან მიმართებით ხდება იმის შექმნა, რომ გამყარდეს ის ვერსიები, რომ ამ გოგომ, თითქოსდა, მართლა საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ისეთი ფოტოებია იქ, გაურკვეველი ყვავილების, პეიზაჟების.
ადამიანი, რომელიც დასაქმებულია და მცოდნეა კომპიუტერული სისტემების, აბსოლუტურად არანაირი ინფორმაციია იქ არ არის.„იუთუბზეა“ შესული. ბოლოს არის შესული 18 ივლისს 10:02 საათზე, რაღაც საიტზე და მას შემდეგ ლეპტოპს არავინ გაკარებია.
თუ ასეთი არაფრის მთქმელი ინფორმაცია და მარტო სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ კლონირებას და პროცედურებს. ამათი განმარტებით, რაც მათ გადმომცეს ყველაფერი სრულად ჩაატარეს. განცდა მაქვს ერთი, ეჭვი მეპარება ამ ყველაფერთან დაკავშირებით"- განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის: ახალგაზრდა ქალი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა და საქმეში აშშ–ის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.