
ადვოკატი: „ვნახე საეჭვო ვებ–გვერდებზე შესვლა“
04/08/2020 13:12:06 სამართალი
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და ოჯახს ახალგაზრდა ქალის პირად კომპიუტერში აღმოჩენილი მასალა მეტ კითხვას უჩენს. კერძოდ, როგორც ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტის შემდეგ გაირკვა, პირად ლეპტოპში გამოძიებისთვის საინტერესო არაფერი აღმოჩნდა და მეტიც, როგორც ადვოკატი ამბობს, ეს არ ჰგავს პროგრამისტის, საქმიანი ადამიანის სამუშაო კომპიუტერს.
ადვოკატს ამბობს, რომ კომუნიკაცია აქვს სპეციალისტებთან და აქვს ეჭვი, რომ საქმე შესაძლოა რაღაც „დაგეგმვასთან“ გვქონდეს.
„წარმოუდგენელია, ადამიანი, რომელიც არ იშორებს ლეპტოპს, მასთან ერთად გადაადგილდება, ეს არაა გასართობი ნივთი, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად, მასში არაფერი ღირებული არ იყო თავმოყრილი, რაც გასაფრთხილებელი იყო“,– განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველის“ ეთერში.
გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ ფიქსირდება „საეჭვო ვებ–გვერდებზე შესვლა“ გვიან ღამის საათებში. დეტალებზე ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს და ამბობს, რომ საკითხს გაივლის ექსპერტებთან და გამომძიებლებთანაც.
ადვოკატმა ეთერში აღნიშნა ისიც, რომ გარკვეული პირები ოჯახსა და მას შორის გარკვეული უნდობლობის ფაქტორის გაჩენას ცდილობენ.
ცნობისთვის: ახალგაზრდა ქალი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა და საქმეში აშშ–ის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.