
ირაკლი კობახიძე: "ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით"
05/08/2020 06:08:03 საშინაო პოლიტიკა
"2012 წლის შემდეგ განვლილი წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები და გამოწვევები რჩება. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით“, -განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
პროგრესის თვალსაზრისით, მან ყურადღება ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე გაამახვილა. „გავიხსენოთ, სად ვიყავით 2012 წელს და სადამდე მივედით დღეს. სანატრელი იყო ის, რომ ციხეში ადამიანები არ ეწამებინათ. არაჰუმანური მოპყრობის უამრავი ფაქტი იყო ციხეებში, ციხეებს გარეთ და გახსოვთ ამის უამრავი პრეცედენტი. დემოკრატიული სისტემა პრაქტიკულად არ მუშაობდა და მმართველობა ცენტრალიზებული, ავტოკრატიის ქვეშ იყო მოქცეული. ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ეკონომიკის სფეროში მივიღეთ მძიმე მემკვიდრეობა. სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 1 150 000 ადამიანი. ბუნებრივია, ამ მაჩვენებლის განულებას სჭირდება არა ერთი და ორი წელი. ჩვენ ეს ციფრი ჩამოვიყვანეთ 730 000 ადამიანამდე. თუმცა პანდემია შექმნის სირთულეებს, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, 1 წელიწადში მოვახერხოთ ჩვენი ძალების აღდგენა და ესეც იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი. შესადარებლად ტემპი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ადამიანი დასკვნას აყალიბებს. სიღარიბის 34%-დან ,,ნაცმოძრაობის" დროს ჩამოვიდა 30%-მდე, ანუ მხოლოდ 4 %-ით შემცირდა. ჩვენს შემთხვევაში კი 10%-ზე მეტით - ანუ 30%-დან 19, 5%-მდე ჩამოვიდა. სიღარიბის შემცირების ტემპი იყო ბევრად უფრო მაღალი ჩვენს შემთხვევაში და ამას განაპირობებდა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მათ შორის ისიც, რომ ბიზნესი აღარ იყო რეკეტის ქვეშ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვა-უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს ქვეყანას დიდი წარმატება აქვს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. 2012 წლისთვის ევროკავშირის მიმართულებით იყო სრული სტაგნაცია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ როგორც ასოცირების შეთანხმებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და ასევე მივიღეთ თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს იყო იმის დამსახურება, რომ გვქონდა ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკა. ჩვენ ზუსტად მივყვებოდით იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირის წინაშე და ასევე ნატოსთან მიმართებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით გვაქვს მუდმივი წინსვლა ურთიერთობებში და ამის აღიარებაა მაღალ დონეზე გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ არასდროს ყოფილა ნატოსა და საქართველოს შორის ან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისეთი მჭიდრო, როგორიც არის დღეს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.