გორის მერიის თანამშრომელი – ბაჩალიაშვილის დედაზე: „ნაცებმა“ „სარალიძე 2“ გამოაცხვეს“

05-08-2020 13:14:46 ციტატა

როგორც ჩანს, ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს... - წერს გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსი შმაგი ხუბულური გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედაზე თეონა თამაზაშვილზე.

მან Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული თამაზაშვილის ფოტო აღნიშნული წარწერით გააზიარა.

4 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა. აქციის შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, მოისმინეს მათი მოთხოვნები და აუხსნეს პროცედურები, რომლებიც გამოძიების პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეხება. კერძოდ, საელჩოს წარმომადგენლებმა ოჯახს განუმარტეს, რომ მოთხოვნა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობის შესახებ სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს, რომ ფედერალურ ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება პროცესში კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთოს. ოჯახი გენერალური პროკურატურისგან შესაბამის ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ტყის პირას, ავტომობილში ნახეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები