
ენგურის ხიდი ისევ დროებით გაიხსნა
05/08/2020 13:07:40 კონფლიქტები
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„აფხაზეთმა რესპუბლიკის იმ მოქალაქეების დასაბრუნებლად, რომლებიც საქართველოში დროებით იმყოფებიან, ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა,“ - აცხადებენ ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, „ჰუმანიტარული დერეფანი“ 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე, 9:00-დან 19:00 საათამდე იქნება ღია. ის მოქალაქეები კი, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან, ვალდებულები არიან, სამედიცინო-სანიტარულო კონტროლი გაიარონ.
დე ფაქტო ხელისუფლებამ 14 მარტიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი ცალმხრივად, დაახლოებით ერთი კვირით გახსნა 26 მაისს და 22-24 ივნისსაც.
1 აგვისტოდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უპირობოდ გახსნა ე.წ. საზღვარი რუსეთთან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა 866 ათასზე მეტი ინფიცირებულით და 14 500-მდე გარდაცვლილით.
თავად ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული აქვთ კორონავირუსის 107 შემთხვევა, მათგან 3 გარდაცვალების.