
რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი 4 დღეში თითქმის 100 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა
05/08/2020 14:51:52 კონფლიქტები
1 აგვისტოს რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის გახსნის დღიდან ამ დრომდე იგი ორივე მიმართულებით უკვე თითქმის 100 ათასმა ადამიანმა და 19 000-მდე სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა. ამასთან, მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი ამ დრომდე ზრდას განაგრძობს, – იუწყება სოჭის საბაჟო სამმართველოს პრეს-სამსახური.
მისივე განცხადებით, “მიიღება ყველა შესაძლო ზომა საბაჟო კონტროლის პროცედურების დასაჩქარებლად”.
ცნობისთვის: მხარეებმა დე ფაქტო საზღვარი 1 აგვისტოს იმის მუხედავად გახსნეს, რომ 21 ივლისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად იყო გაუარესებული. ამ დროისთვის აფხაზეთში სულ 107 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. რუსი ტურისტების დიდი ნაკადის შესვლის პარალელურად სპეციალისტები ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას არ გამორიცხავენ.