
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბეირუთში აფეთქებულ ამონიუმის ნიტრატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
05/08/2020 15:01:52 საგარეო პოლიტიკა, მსოფლიო
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.
უწყება ხაზგასმით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს.
„აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ, დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი „Rhosus“. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა.
აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).
ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში.
ამასთან, როგორც ყველასთვის ცნობილია, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52037 ტონა.
აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს“, - განმარტავენ სააგენტოში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო შემოწმებებით, ხოლო ყოველწლიურად ნავსადგურებს უტარდებათ კომპლექსური შემოწმება.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურები და ნავსადგურებში წარმოებული სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით, მიღებული აქვს არაერთი უმაღლესი შეფასება.
ცნობისთვის: ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქებების მიზეზად 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი იქცა, რომელიც საწყობში რამენიმე წლის განმავლობაში ინახებოდა, მანამდე კი საბაჟო სამსახურის მიერ იყო კონფისცირებული, - განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა. ქვეყნის შს მინისტრმა რაია ალ-ჰასანმა დასძინა, რომ ეს ტვირთი პორტის ერთ-ერთ საწყობში 2014 წლიდან ინახებოდა. ამასთან, ტელეარხ LBCI-ს ცნობით, ლიბანის თავდაცვის უზენაესი საბჭოს სხდომაზე გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საშიში ტვირთი მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Rhosus-დან იქნა კონფისცირებული, რომელიც საქართველოდან, კერძოდ, ბათუმიდან მოზამბიკისკენ მიემართებოდა და ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში ტექნიკური პრობლემების გამო შევიდა.
პორტის მმართველი ირწმუნება, რომ წლების განმავლობაში საწყობში მოხვედრა არავის შეეძლო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ კედელში ხვრელი იყო გაკეთებული, კარის საკეტი კი შეკეთებას საჭიროებდა და აფეთქება სწორედ კარის შესაკეთებლად წარმოებული შესადუღაბებელი სამუშაოების დროს მოხდა.
ამავდროულად, «Российская газета» საიტ shiparrested.com-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ Rhosus-ზე, რომელიც ბეირუთის პორტში 2013 წლის 23 სექტემბერს ტექნიკური გაუმართავობის გამო შევიდა, ლიბანის სახელმწიფო საპორტო კონტროლმა ექსპლუატაციის წესების უამრავი დარღვევა აღმოაჩინა, რის გამოც ხომალდს შემდგომი გადაადგილდება აეკრძალა, გემის მფლობელმა ხომალდი მაშინვე მიატოვა. ეკიპაჟი წყლის, საკვებისა და საწვავის მცირე მარაგით გემზე დარჩა, თუმცა ეს მარაგი მალევე ამოიწურა. მხოლოდ 2014 წელს იურისტებისა და დიპლომატების ძალისხმევით, ეკიპაჟის წევრებმა ხომალდის დატოვება შეძლეს. ტვირთი კი – ამონიუმის ნიტრატი გადმოტვირთეს და პორტის საცავში დაასაწყობეს.
ამასთან, "Медиазона"-ს ცნობით, Rhosus რუსეთის მოქალაქეს, კვიპროსში მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნის. გემის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა უცნობია - ბოლოს იგი ბეირუთის პორტში 2014 წელს აღრიცხეს.
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი. როგორც "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა:
"ლიბანში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. პანდემიის პირობებში, მათი უმრავლესობა გაემგზავრა ლიბანიდან. ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შემოსულა.საელჩო კავშირზე ამანში ლიბანის საელჩოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".
იხილეთ ასევე: ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, მაღალი ალბათობით, რუსთავში იყო წარმოებული