
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი საპატიმროს დატოვეს, ექიმი კი პატიმრობაში რჩება
05/08/2020 16:20:09 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანს კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო ბრალდება ორივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.