შსს: ექსპერტიზის დასკვნით, „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ თამარ ბაჩალიაშვილის მიერაა შესრულებული

06-08-2020 15:46:16 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ჩანაწერი – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, გადამოწმდა ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები და ერთ-ერთ ბანკში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

განახლება

როგორც ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, მისი შვილი წერილს საკუთარი გადაწყვეტილებით არ დაწერდა.

"წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო. ეს ერთ და ორ დღეში არ ყოფილა, ხდებოდა თვეების განმავლობაში, ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება. ისიც იყო გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ჩემ შვილს ანგარიშზე თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი ისედაც გამოვიყენებდით თანხას, არ დაწერდა", - ამბობს თამაზაშვილი.

თამაზაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი თანხას სწავლის გასაგრძელებლად აგროვებდა.

"ზეგ-ის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ჩემი შვილი ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომ საზღვარგარეთ ასეთი სამსახური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აქ. მაგრამ აქაურობისთვის ნორმალური თანხაა. ჩემ შვილს არაფერში ვახარჯინებდი ფულს და მარტო პირადი ცხოვრებისთვის იყენებდა თანხას. დანარჩენ ფულს აგროვებდა, რადგან ევროპაში მაგისტრატურის გავლა უნდოდა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თავად იმ ფაქტს, რომ ბაჩალიაშვილი სწავლის გაგრძელებას გეგმავდა და ეს საკითხი მისთვის პრიორიტეტული იყო, ადასტურებენ კომპანია ზეგში, სადაც თამარი მუშაობდა. კერძოდ, როგორც განიმარტა, ბაჩალიაშვილი სამსახურის დატოვებას გეგმავდა და მოტივად სწორედ აღნიშნული საკითხი დაასახელა.

იხილეთ ასევე: გამოძიების შუალედური ანგარიში: ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე Googl-ში „სუიციდის მეთოდებს“ ეძებდა

ცნობისთვის: ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების ნაწილში შსს–ს უნდობლობას უცხადებს და საქმეში FBI–ს ჩართვას ითხოვს. ამ მოთხოვნით გარდაცვლილი ქალის დედა შიმშილობას იწყებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები