
სოხუმი, თბილისი – 12 წლის შემდეგ
06/08/2020 14:42:55 კონფლიქტები
12 წელი… ცოტაა ეს თუ ბევრი? თუ მათ სახელმწიფოს განვითარების პრიზმაში განვიხილავთ – 12 წელი თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც ბევრი რამ შეიძლება, მოასწრო, ან გააცნობიერო მაინც. ხოლო თუ უძრავობისა და მით უფრო რეგრესის პრიზმაში განვიხილავთ, 12 წელი საკმარისზე მეტია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ფიქრობ და ცდილობ, რაიმე მაინც შეცვალო, თუ უმოქმედოდ ეგუები მდგომარეობას და უცილობლად მიექანები უკან.
თუ აფხაზეთის ამჟამინდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, რომელმაც 12 წლის წინ ცხინვალის რეგიონთან ერთად – პრინციპით “ბარემ” აღიარება მიიღო რუსეთისგან (ხოლო შემდეგ - მოსკოვის აშკარა ჩართულობით ორიოდე კუნძულისა და საეჭვო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სახელმწიფოსგან), “დამოუკიდებლობის” 12 წელი მისთვის არცთუ ყველაზე “დამოუკიდებელი” იყო, არცთუ ყველაზე პროგრესული და სადღეისოდ მას სატრაბახო ბევრი არაფერი აქვს. აქ “ფრჩხილებს” არ გავხსნით – ინტერნეტის ეპოქაში, როგორც არ უნდა იკლავდეს თავს კრემლის პროპაგანდა, ყველა მაინც ადვილად იგებს, სად რა ხდება რეალურად, როგორ და რის გამო...
მე-12 წლისთავი “მრგვალი” თარიღი არაა, ამიტომაც ნაკლებ სავარაუდოა, აფხაზებს რამის გაცნობიერება საგანგებოდ მისთვის დაემთხვიათ. თუმცა რიგი გარემოებების ძალით, რომელთა შესახებაც “აქცენტმა” ბოლო პერიოდში უკვე არაერთგზის დაწერა, სწორედ ახლა, ბოლო თვეებში დაიწყო აფხაზეთში ძალზე საინტერესო პროცესები, რომლებიც ძალაუნებუროდ იპყრობს ყურადღებას, მათ შორის – ქართული საზოგადოებისას…
თავად ქართული საზოგადოება ამ 12 წლის განმავლობაში იარებს იშუშებდა (2008 წლის 5-დღიანი ომის შედეგად ორივე მხრიდან დაიღუპა 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, დევნილად იქცა 26 ათასზე მეტი), ცდილობდა, ბევრი რამ გადაეფასებინა, აღექვა და ფრთხილად ემოძრავა წინ. რაღაც გამოუვიდა, რაღაც - არა. და ამას აქვს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ყველასთვის ცნობილია და უკვე საყოველთაოდ აღიარებული – კრემლის პოლიტიკა. და “ფრჩხილების გახსნას” არც აქ ვაპირებთ – 2008 წლისგან განსხვავებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, ვისთან აქვს საქმე მთელს ცივილიზებულ სამყაროს პუტინის რუსეთის სახით… თავად რუსეთშიც კი ამ წლების განმავლობაში ბევრი მიხვდა სიმართლეს, მათ შორის – “08.08.08”-ის რეალური მიზეზებისა და იმ კუთხით, რომ ეს ომი გაცილებით ადრე დაიწყო. და ნებისმიერ აფხაზ თუ ოს მკითხველს, რომელსაც ინტერნეტთან აქვს წვდომა, შეუძლია, სურვილის შემთხვევაში ეს ახლავე გადაამოწმოს…
საქართველოს მიერ არჩეული განვითარების გზა უცვლელია – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. კონფლიქტების მოგვარების გზა - მშვიდობიანი. და იმაზე, რომ მშვიდობიანი გზა არა მარტო დეკლარირებულია, არამედ რეალურად არჩეულიც, ამ წლების სამშვიდობო ინიციატივებიც მეტყველებს – არა მხოლოდ ფურცელზე გაწერილები, არამედ რეალურად მოქმედი, რომელთა ქმედითუნარიანობა პირადად გამოსცადა უკვე არაერთმა აფხაზმა და ოსმა.
და რასაც არ უნდა წერდეს ან აცხადებდეს კრემლის პროპაგანდა, სწორედ მშიდობიან გზაში უჭერენ მხარს საქართველოს დასავლელი პარტნიორები, გვირჩევენ რა, კრემლის ზეწოლისა და მუდმივი ხრიკების მიუხედავად, განუხრელად განვაგრძოთ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება.
იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ ომის შემდგომ განვლილი 12 წლის შემდეგ, საკუთარი მოსაზღება ამ დღეებში აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმაც დააფიქსირა, რომელიც თბილისს 2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებში სტუმრობდა:
«საქართველოზე ვიტყვი იმას, რასაც მაშინაც ვეუბნებოდი ქართველებს, ისევე, როგორც უკრაინელებს და სხვებს. შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ხელსაყრელი არ არის, მაგრამ თქვენი ქვეყანა თქვენ უნდა აშენოთ. თავად უნდა აშენოთ თქვენი დემოკრატია, ეკონომიკა. საერთაშორისო სისტემას შეუძლია, დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ – კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას ჰქონდა აღმასვლაც, დაღმასვლაც, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგის ნიშანია».
მოქმედი ხელისუფლების კრიტიკოსები ხშირად ადანაშაულებენ მას იმაში, რომ “რუსეთის არგაღიზიანების” პოლიტიკის გამო რუსული სამხედრო ძალა თანდათან საქართველოს ტერიტორიის სიღრმისკენ მოიწევს, ე.წ. გამყოფ ხაზებთან კი ადამიანებს იტაცებენ. თუმცა ჯერ არც ერთ პოლიტიკოსს არ გამოუთქვამს ხელისუფლებისადმი პრეტენზია – რატომ არ ცდილობს კონფლიქტების საომარი გზით მოგვარებას. რამდენიც არ უნდა ეძებოთ, მსგავს პრეტენზიას ვერავის უპოვით…
რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, რომელიც, ბუნებრივია, მხოლოდ კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკით არ განისაზღვრება, განსხვავებულია, მაგრამ იმაში, რომ ომი გამოსავალი არ არის, ყველა თანხმდება.
ამაზე მეტყველებს მორიგი დაპირებული მინი-გამოკითხვაც, რომელიც “აქცენტმა” თბილისში ჩაატარა:
გუგა, 37 წლის: “რა ომი, რას ამბობთ? - XXI საუკუნეში ბრძოლებს მხოლოდ წარსულში ჩარჩენილი ქვეყნები მართავენ... მჯერა თუ არა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების? - სწრაფ შედეგებს არ ველი, მაგრამ ეს გრძელი და შესაძლოა. ბევრისთვის დამღლელი გზა ერთადერთია – სხვა უბრალოდ არ არსებობს... ოდესმე ის აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ მიზნამდე და ყველანი შვებით ამოვისუნთქებთ – ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც”;
ნინი, 16 წლის: “რა თქმა უნდა, ჩემთვის ემოციური თვალსაზრისით აფხაზეთი ისეთი ძვირფასი ვერ იქნება, როგორც წინა თაობებისთვის – მე ხომ ის არასოდეს მინახავს და არც იქაურ მაცხოვრებლებთან მქონია შეხება… მაგრამ როცა ვხედავ ზოგიერთი ჩემი ნათესავის სახეს აფხაზეთის ხსენებისას, როცა ვხედავ, როგორ გამომეტყველებას იღებს მათი თვალები, მაგალითად, როცა ვინმე მორიგ სუფრასთან აფხაზეთს ახსენებს, ვხვდები, რომ მათთვის ეს არ არის უბრალოდ ტერიტორია, მიწა – ეს ბევრად მეტია და ისინი ამ სიტყვაში ბევრად დიდ შინაარსს დებენ… მათთვის ეს სიყვარულია, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, რაღაც განსაკუთრებული ატმოსფერი... მსმენია გაგრის რაღაც განუმეორებელი ნაყინის შესახებაც, რომელსაც იხსენებენ – მე ხომ ბავშვი ვარ და როგორც ბავშვს, ნაყინი დამამახსოვრდა… მოკლედ, ეს ადამიანური ურთერთობებია, დიდი ტკივილი, იარა, რომელიც ამდენი წელია, არ შეუხორცდათ და ალბათ, პრობლემის მოგვარებამდე არც შეხორცდება. როგორ უნდა მოგვარდეს? - მე არ ვიცი, მაგრამ ომით – ნამდვილად არა, ომით იარებს არ კურნავენ – არც სულიერს, არც ფიზიკურს, პირიქით… შემიძლია, გითხრათ, რომ ვისურვებდი ურთიერთობას ჩემს აფხაზ თანატოლებთან – ვისაუბრებდით, ალბათ ბევრს ვიკამათებდით კიდეც, მაგრამ მერე კამათით დავიღლებოდით და აუცილებლად ვიპოვიდით საერთ ენას, რაღაც გადაწყვეტილებას… ასე კი, როცა ადამიანებს რუსი სამხედროების კედელი ჰყოფთ, რა თქნა უნდა, საერთო ენის გამონახვა ძნელია.. ალბათ, სწორედ ამისთვის დგანან იქ... თუმცა იცით, კონტაქტისთვის გზები ამ პირობებშიც კი არსებობს – ხომ გვაქვს ინტერნეტი, სხვადახსხვა სოციალური ქსელები… ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ – მთავარია, იყოს სურვილი, გზები კი აუცილებლად გამოიძებნება”;
თორნიკე, 42 წლის: “ძნელია, მაგრამ აუცილებელი – ასე დავახასიათებდი დღეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. ძნელია არა იმიტომ, რომ დასხდომა და დალაპარაკება გვიჭირს, არამედ იმიტომ, რომ ხელს გვიშლიან (ყველამ ვიცით - ვინც)… თორემ საუბრის აუცილებლობას ორივე ვაცნობიერებთ… მეტსაც გეტყვით, ვიცი, რომ მხარეები უკვე საუბრობენ და ეს ძალია მაგარია! ვისაც გადარჩენა სურს, უნდა ისწავლოს წარსულის წარსულში დატოვება – წარსულზე ერთხელ უნდა ვისაუბროთ, განვიხილოთ, ვაღიაროთ, ვინ სად და რაში შეცდა, მაგრამ შემდეგ ვიაროთ წინ – აღარ ჩავიციკლოთ განვლილზე.. საუბარი უნდა დავიწყოთ მარტივი თემებით – თუნდაც ამინდით, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა უფრო სერიოზულზე გადავიდეთ… აგერ, ახლა, მაგალითად, ვიცი, რომ აფხაზებს ძალიან უჭირთ – ჰოდა დავეხმაროთ, რითაც შევძლებთ – რად უნდა ამას დიდი ფიქრი?! ვიცი, რომ რაღაცით ვეხმარებით, ისიც ვიცი, რომ ამაშიც რუსეთი გვიშლის, მაგრამ ეს უნდა განვაგრძოთ და ვეძებოთ შეხების წერტილები. ეს შეხების წერტილებიც უკვე არის, მაგრამ ცოტა და მათი რაოდენობა უნდა გავზარდოთ – მაშინ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. სურვილი და მოთმინება – ალბათ, ამას უნდა დავეყრდნოთ”.
აკა, 23 წლის: “ისტორიული დრამები ჩემი საყვარელი ჟანრია – კინემატოგრაფშიც, ლიტერატურაშიც, ამიტომაც უამრავი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო, როცა ნაომარი ხალხები ერთიანდებოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ან სხვა არაორდინალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ… სხვათა შორის, ჩვენს – ქართულ-აფხაზურ ისტორიაშიც იყო პერიოდები, როდესაც ქართველები რუსეთს ეხმარებოდნენ ომებში, აფხაზები კი მის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ხან - პირიქით… ყველაფერი იცვლება, ამჟამინდელი აბსურდული მდგომარეობაც შეიცვლება – ამაში დარწმუნებული ვარ! ეჭვიც კი არ მეპარება და არც ვნერვიულობ ამაზე – ჩვენს შორის მშვიდობა დაბრუნდება, ურთიერთნდობაც და ურთიერთპატივისცემაც.. მთავარია, აფხაზები არ დანებდნენ, ჩვენ კი ჩვენის მხრივ მათ დახმარებას უნდა ვეცადოთ! უბრალოდ ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ და მეტი ვაკეთოთ, გავძლიერდეთ, ვაშენოთ, განვვითარდეთ, ვისწრაფვოთ არა ტოტალიტარული, ჩამორჩენილი, აგრესიული ქვეყნებისკენ, არამედ ცივილიზებული სამყაროსკენ, ზღაპრებს კი არ დავუჯეროთ, არამედ საკუთარ თვალებს, წარსულზე კი არ ვიტიროთ, ვიფიქროთ მომავალზე, ვიმოქმედოთ საკუთარი გონებით. და ვეძებოთ ურთიერთობა ყველა შესაძლო გზითა და ხერხით”.