
"არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს"
07/08/2020 07:14:01 კონფლიქტები, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აგვისტოს ომის მე–12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "არასოდეს შეეგუება ოკუპაციას".
"12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები.
ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე – სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე“, – წერს გიორგი გახარია.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა.
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 12 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.
ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები დღემდე გრძელდება.