"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს"

07-08-2020 13:17:39 კონფლიქტები ,საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს.

"2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს. ეს ომი მოუშუშებელ იარად რჩება ყველა ქართველის გულში", – წერს პრემიერი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 12 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები დღემდე გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები