ვაშაძე - გახარიას: "რატომ მილიონები "ოცნების" კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს?"
07/08/2020 09:37:09 სამართალი
"რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს?", - "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის მიერ დახმარებების გაცემის დაანონსებას ეხმაურება.
მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს "კაპიკებს აძლევენ", მაშინ, როდესაც სახელმწიფო დიდი მოცულობის სესხებს იღებს, რომელიც მოქალაქეებისვე გადასახდელია.
"5 მილიარდის ოდენობის სესხი აიღო საქართველომ, რაც ჩვენი გადასახდელია. რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ ეძლევათ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და რატომ მიდის მილიონები თქვენ ჯიბეში? ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ უმძიმესი კრიზისის დროს ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო და მერე მილიონები თქვენს კომპანიებს გაუფორმოთ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის: 6 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის პანდემიით მიღებული ზიანის გამო მოქალაქეების დასახმარებლად ახალი ინიციატივები გააჟღერა. მისი თქმით, ყველა თვითდასაქმებული, რომელმაც სრულად ვერ წარადგინა დოკუმენტები, მაინც ჩაერიცხებათ 300 ლარი. გარდა ამისა, ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს 17 წლის ჩათვლით ყველა პირი. ამასთან, მოქალაქეებს დაუფინანსებენ ზამთარში, 4 თვის კომუნალურ გადასახადებს და სოციალური კუთხით 150 ქულის მქონე სტუდენტებს სწავლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფარავენ.


