
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავისთვის ემზადება
07/08/2020 17:51:22 კონფლიქტები, სამართალი
ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ოპკუპანტების ტყვეობაში ყოფნის გამოცდილება აქვს, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავისთვის ემზადება. ექიმი გეგმავს, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში იჩივლოს.
ინფორმაციისთვის: უკანონო ტყვეობაში საქართველოს 3 000–მდე მოქალაქეა ნამყოფი.
ამ კონტექსტში ექიმმა ქვეყნის შიგნით არსებულ ბარიერებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, გაირკვა, რომ მან უკანონო ტყვეობის გამო დაზარალებულის სტატუსი ძალისხმევის შემდეგ, სამი კვირის წინ მიიღო.
„სამი თვის განმავლობაში დავდიოდი [საგამოძიებო უწყებაში] როგორც მოწმე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავტეხე ხმაური, რომ „სტრასბურგში ჩივილს ვაპირებ და იქ როგორ შევიტანო [საჩივარი], რომ ჩემი ქვეყანა დაზარალებულად კი არა, მოწმედ მთვლის?...შემდეგ უკვე ეს საკითხი გაირკვა – სამი კვირის წინ მცნეს დაზარალებულად. არ ვთვლი, რომ ეს მიზანმიმართულადაა, ეს კანონმდებლობაში შეცდომა ან შეუთახმებლობაა. თუ გვინდა, რომ რუსეთთან მშვიდობიანად გავიმარჯვოთ, გვერდში საერთაშორისო პარტნიორები უნდა დაგვიდნენ, მაგრამ მანამდე შიგნით უნდა შევთანხმდეთ – რუსეთი ოკუპანტია თუ არა?“,– განაცხადა ექიმმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ექიმი თვლის, რომ ოკუპაციის საკითხთან მიმართებაში საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს აქტიური და ამბობს, რომ მის მიმართ გამოჩენილი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გამო გრძნობს პასულისმგებლობას, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი საკუთარი რესურსების ფარგლებში შეიტანოს:
„ხელისუფლება ჩვენს მიერაა დაქირავებული. ყველაფერი ყველა ჩვენთაგანის ბრალია – არ ვიცავთ ჩვენს უფლებებს. რაც მეტს მოვითხოვთ, მეტს მივიღებთ;მეტს მოვითხოვთ, ნაკლებს დააშავებენ“.
მან ისაუბრა რუსეთ–საქართველოს ომზე და პროპაგანდაზე:
„საქართველოს სამწუხაროდ, ბევრი ბრძოლა წაუგია, მაგრამ არა– ომი. რომ დამარცხებულიყო, საქართველო დღეს არ იარსებებდა. ვთვლი, რომ ეს არის უკანასკნელი ომი და ამ ომიდან ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ. 2008 წლის კონფლიქტი ერთ–ერთი ბრძოლა იყო და ეს არ დასრულებულა.
რამდენიმესთან [ცხინვალის მკვიდრებთან] მქონდა საუბარი და მათ კარგად იციან, რომ ეს არა ქართველების და ოსების, საქართველოს და რუსების ომი იყო. თავადაც ყვებიან, რომ ქართველი მებრძოლები როდესაც სარდაფში პოულობდნენ მოქალააქეებს, ეუბნებოდნენ, „ჩუმად იყავით“ – რაიმე პრობლემა რომ არ შექმნოდათ. ამოდიონენ და ამბობდნენ, რომ „საშიშროება არაა“ და ჭორები, „თითქოს ნახევარი მოსახლეობა ამოჟლიტეს [ქართველმა სამხედროებმა], ზღაპარია. ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება. იგივე ზაზა გახელაძეზე გავიგე ჭორი, თითქოს ზაზა იმიტომ დაჭრეს, რომ რუსი მესაზღვრეების ძაღლი მოკლა. მას მართლა რომ მოეკლა ძაღლი, ამას უპრველესად, რუსეთის და ოსეთის პროპაგადა გამოაჭენებდა. არადა, ალბათ იცით, რომ სამი თუ ოთხი ადამიანი გაცვალეს რუსი მესაზღვრეების ძაღლში, რომელიც შემთხვევით გადმოვიდა კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჰიბრიდული ომი ყოველდღიურად გრძელდება და სამწუხარო ისაა, რომ დაუჯერებელ ჭორს უფრო იჯერებენ ადამიანები“.