ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვითარება დაიძაბა
08/08/2020 20:17:29 სამართალი
ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვითარება დაიძაბა. ცნობილია, რომ მოკლულია ახალგაზრდა კაცი, რის შემდეგაც მისი თანასოფლელები ერთ–ერთ სასტუმროს დაესხნენ თავს და ცეცხლი წაუკიდეს. ასევე დამწვარია რამდენიმე ავტომანქანა და სახლი. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ არის დაძაბულობა, თუმცა საპოლიციო ძალები ვითარებას აკონტროლებენ.

„შსს აკონტროლებს ახალქალაქში ვითარებას, როგორც კრიმინალური პოლიცის ძალები, ასევე საპატრულო პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური. არიან მობილიზებული ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები. მათ კიდევ ემატება რაოდენობა და მაქსიმუმად კონტროლზე ხდება აყვანა“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.
არსებული ინფომაციით, მკვლელობასთან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინაა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.
მოკლული სოფელ გულიკამიდანაა. მას 2 თვის ორსული მეუღლე დარჩა.
დაპირისპირება გარდაცვლილ 27 წლის ბიჭსა და ახალქალაქში ერთ-ერთი სასტუმროს სავარაუდო მეპატრონეს შორის მოხდა. ადგილობრივების თქმით, 2 პიროვნებას შორის დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
![]()


