«დამოუკიდებლობის» 12 წელი:  ქართველების გზავნილები აფხაზებს

10-08-2020 13:40:05 კონფლიქტები ,საზოგადოება

12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მოგვიანებით მისივე ზეწოლით აფხაზეთი "აღიარეს" ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, სირიამ, ასევე ორმა კუნძულოვანმა სახელმწიფომ - ვანუატუმ და ტუვალუმ, თუმცა ორმა უკანასკნელმა შემდგომში "აღიარების" გადაწყვეტილება გააუქმა.

„აქცენტი“ აგრძელებს საზოგადოებრივი აზრის მინი-გამოკითხვების ციკლს და მის ფარგლებში ამჯერად დაინტერესდა საქართველოს რიგითი მოქალაქეების აზრით აფხაზეთზე, მის 12-წლიან «დამოუკიდებლობასა» და პერსპექტივებზე.

ამ გამოკითხვებს, ბუნებრივია, საფუძვლიანი სოციოლოგიური კვლევის პრეტენზია ვერ ექნება, თუმცა შემთვევითი პრინციპით შერჩეული სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, პროფესიის, სოციალური ფენისა და გამოცდილების მქონე ადამიანების მოსაზრებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული განწყობების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას მაინც იძლევა.

25 წლის ელენე. პროგრამისტი: ვფიქრობ, აქ შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ დამოუკიდებლობის ილუზიასა და უპერსპექტივობაზე. აღარაფერს ვამბობ თავისუფლებაზე [ეს კიდევ უფრო რთული და შრომატევადი, უამრავ გარემოებაზე დამოკიდებული საკითხია]. ადგილობრივებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, როგორი ცხოვრება სურთ, მერე შეხედონ რუსეთს – ქვეყანას, სადაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანთა მკვლელობა, გაქრობა, წამება ხელისუფლების მიერ ფაქტობრივად ლეგალიზებულია და დასვან კითხვა, მისცემთ კი ოდესმე რუსეთი ისეთ ცხოვრებას, როგორიც მათ სურთ?

21 წლის ნენე. სტუდენტი: აფხაზეთში ნათესავები მყავს. წარმოიდგინეთ, საკუთარი ბიძაშვილი ინტერნეტით გავიცანი და ჯერაც ვერ შევხვდით ერთმანეთს – ვერ გადმოდიან: „უკან დაბრუნება უსაფრთხო არ იქნებაო“ – საშინელებაა! ჩემი ბიძაშვილი ამ ჩაკეტილ სივრცეში საკუთარ მომავალს ვერ ხედავს და ევროპაში უნდა წასვლა. დოკუმენტების საკითხს ვარკვევთ და ვნახოთ, რა გამოვა. კორონავირუსის პანდემიამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.

38 წლის გიორგი. ინჟინერი: რუსეთის «სტრატეგიული პარტნიორობა» ჩემთვის მხოლოდ ცინიზმია. ნუ წავალთ შორს და აქვე, ჩვენს სამეზობლოში გავიხედოთ: რუსეთი ითვლება სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად, თავის მხრივ სომხეთი მთავარ მტრად და გამოწვევად მეზობელ აზერბაიჯანს მიიჩნევს, რუსეთი კი ორივეზე – ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებზე ყოველწლიურად სოლიდური ღირებულების იარაღს ყიდის. ხომ მაგარი პარტნიორობაა?! აღარაფერს ვამბობ რუსი სამხედროების თავნებობაზე, რუსეთის და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაზე...

40 წლის ლედი. პედაგოგი: სახელმწიფო ხომ მხოლოდ რაღაც ტერიტორია არაა? ესაა პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების წინაშე – სახელმწიფო სწორედ ეს ადამიანები არიან. და ადამიანს რა სჭირდება?– დაცული იყოს მისი უფლება ყველა გაგებით. ახლა გადმოვიდეთ ჩვენს რეალობაში: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენთან მოხდა, ვფიქრობ, რუსეთისგან მენტალურად გათავისუფლებაა, ან ამ გზაზე უდავოდ ვდგავართ. ეს „გავრილოვის ღამის“ [მრავალრიცხოვანი პროტესტი რუსთაველზე რუსი დეპუტატის პარლამენტში ვიზიტის შემდეგ] მოვლენებმაც აჩვენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა საკუთარი თავის ფასი, ხმის ძალა გაიგეს და დაიწყეს ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის. ეს გამოიხატება პროტესტში. გაიგეს, რომ თუ ერთად დადგებიან, ბრძოლას აზრი აქვს, რაღაცას შეცვლიან, ანუ პერსპექტივა ჩანს, მომავლის იმედი გაქვს. ასე იცვლებოდა ამ ქვეყანაში ხელისუფლებები და შეიცვლება კიდეც. ახლა რუსეთს შეხედეთ, რა უბედურება ხდება: პუტინი კიდევ 2036 წლამდე აპირებს დარჩენას! ასე ხისტად მოქმედებს, ფასადური ცვლილებების ილუზიასაც კი არ ტოვებს თავად რუსი ხალხისთვის და მაგათ აღელვებთ აფხაზი ბავშვის მომავალი?

50 წლის ამირანი. მექანიკოსი: რამდენადაც მედიიდან ვიცი, აფხაზური ბიუჯეტის უმეტეს ნაწილს რუსული დოტაცია წარმოადგენს. ეს სრული კატასტროფა და რუსეთზე აბსოლუტური დამოკიდებულებაა: როცა ხელფასი, პენსია, შემწეობა და ა.შ. რუსეთიდან გაიცემა, ეს ნიშნავს, რომ მას ხელში აქვს სასიცოცხლო არტერია. მახსენდება 1990–იანი წლები, როდესაც მინისტრებს რუსეთიდან ღიად გვინიშნავდნენ. იმ პერიოდშიც კი, როდესაც რუსეთზე აბსოლუტურად ვიყავით დამოკიდებული, მისი მონა–მორჩილები, ერთი მილსადენიც [ბაქო–ჯეიჰანის] კი ვერ აიტანეს და ტერაქტი მოუწყვეს მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს. რატომ? იმიტომ, რომ რაღაც რუსეთისგან დამოუკიდებლად გაკეთდა, საქართველოს რაღაც ალტერნატიული ეკონომიკური ხაზი გაუჩნდა. მე არ ვიცი, დღეს აფხაზეთში როგორი პოლიტიკური რეალობაა, მაგრამ ჩვენი და მეზობელი სახელმწიფოების გამოცდილებით თუ ვიმჯელებთ, რთული წარმოსადგენი არაა.

33 წლის ემილია. დიზაინერი: როგორც ვიცი, აფხაზეთში ძალიან წუხან რუსეთთან ასიმილაციის პრობლემებზე, ენის შენარჩუნებაზე. არ ვიცი, რამდენად სწორი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ „აფხაზურად უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობსო“. საინტერესოა, საჯარო უწყებებში სასაუბრო ენა რუსულია? თუ კი, საშინელებაა.

59 წლის გივი. ფერმერი: მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში უშუალოდ ევროკავშირიდან და სხვადასხვა დასავლური ქვეყნებიდან რომ გამოიყოფა ფინანსური სახსრები, ჯამში მათი დანიშნულება რეფორმებია, ანუ რაღაცის გაუმჯობესება – სოფლის მეურნეობაში, სახელმწიფო უწყებებში და ა.შ. მაგალითად მეც, რიგითმა მოქალაქემ მოვიგე გრანტი, რომ ჩემი ოჯახური ფერმა გავაფართოვო, ახალი მეთოდები გავტესტო, სხვა ადამიანებიც დავასაქმო და შემდეგ უკვე სამიზნედ ევროპული ბაზრები მაქვს. ანუ, ჩემამდეც მოვიდა ეს დახმარება ნაცნობობის გარეშე. სწორედ ეს განასხვავებს დასავლეთს კორუფციაში ჩაფლული რუსეთისგან. პარტნიორი გეუბნება, „განვითარდი და რომ განვითარდე, მე დაგეხმარებიო“. რუსეთი კი გიბრძანებს, «იჯექი ჭაობში, გაიტრუნე და არ შეგეხებიო» – პირადი გამოცდილებით მივედი ამ დასკვნებამდე.

23 წლის თემო. სტუდენტი: არ ვიცი, რა ხდება აფხაზეთში, როგორ ცხოვრობენ ადამიანები. მხოლოდ მედიაში თუ გავეცნობი რაღაც ინფორმაციებს და სრული სურათი არ მაქვს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი ცხოვრებაა რუსეთში რიგითი ადამიანებისთვის (რას ყვებიან აქ ჩამოსული ტურისტები თუ გადმოცხოვრებულები), მის პარტნიორ სახელმწიფოებში და რა საშინელებებს ყვებიან 1990–იან წლებზე [საქართველოში] – კორუფცია, უპერსპექტივობა და ა.შ., შემიძლია, წარმოვიდგინო, რას აძლევს აფხაზეთს რუსეთი. გვესმის, რომ ძლიერი – ბირთვული სახელმწიფოა და ამით სხვებს აშინებს, ჩვენს დახრჩობასაც ცდილობს, მაგრამ ამით ჩვეულებრივ მოქალაქეს რა? ეს რას აძლევს რიგით ადამიანს, რომელსაც ერთი ცხოვრება აქვს და იმას ართმევენ? სწორედ ამიტომ არ მინდა რუსეთთან ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ დღეს ჩვენს არსებობას ებრძვის. ჩემი გადასახედიდან, იქ ხვალინდელი დღე არაა.

20 წლის ელენე. სტუდენტი: მე არ მახსენდება რუსეთის მიერ კეთილ საქმეში ჩადებული ფული. თუ ვინმე საქართველოში რუსეთთან კავშირზე საუბრობს, ან შიში ალაპარაკებს, ან ფული. სადაც რუსული ფული ჩანს, ყველგან სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ, ან ჩვენს შორის, ან უცხოელებს ესხმიან თავს, ან უნდათ, რომ შიშში გაცხოვრონ, საკუთარი თავის რწმენა დაგაკარგვინონ და იყო უძრავად. ჩემთვის ეს მოაქვს სახლში რუსეთის შემოშვებას - მუდმივი დაპირისპირება, ქაოსი. აფხაზები უნდა დაფიქრდნენ ამაზე.

19 წლის დათო. სტუდენტი: როდესაც ბოლო პერიოდში დასავლეთიდან წამოვიდა მწვავე კრიტიკა და აიძულეს ჩვენი ხელისუფლება, წასულიყო დათმობებზე, რუსეთიდან იყო ერთი ჟივილ–ხივილი – „დასავლეთის მარიონეტები არიანო“. მე კი ვფიქრობ, რომ ისინი პირადად მე და დანარჩენ მოქალაქეებს დაუდგნენ გვერდში, რომლებიც ჯერ გავრილოვის აქ ჩამობრძანებით იყვნენ აღშფოთებულნი და შემდეგ უკვე იმით, რომ ყველანი უბრალოდ მოგვატყუეს. პირადად ისეთი შეურაცხყოფილი დავრჩი, მზად ვიყავი, ყველა აქციაზე გავსულიყავი. დასავლელმა პარტნიორებმა კი ჩვენს ვაჟბატონებს და ქალბატონებს უთხრეს, „თუ ჩვენთან ყოფნა გინდათ, დემოკრატიული წესებით ითამაშეთ და ამ ხალხის ნებას და მიცემულ სიტყვას პატივი ეცითო“. ვთვლი, რომ მაშინ დასავლეთი პირადად მე დამიდგა გვერდში და დამეხმარა საკუთარი უფლებების დაცვაში. მინდა, ასე ავუხსნა და ეს ვუთხრა აფხაზებს - აი, ეს მომცა დასავლეთთან პარტნიორობამ და ამით განსხვავდება ის მათი პარტნიორი რუსეთისგან, რომელიც ჯერ გთელავს და მერე გაიძულებს, შეურაცხყოფა ყლაპო და ისევ მას ელაქუცო.

დიანა მუსელიანი

_________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები