პუტინის რუსეთის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ - დეზინფორმაციისა და ისტორიის გაყალბების მცდელობის კასკადი და „ცხინვალი 1920“ - დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი უსაფუძვლო ბრალდებებს

10-08-2020 14:12:43 კონფლიქტები ,ინტერვიუ

”რასაც ტერიტორიების ოკუპაციით ვერ მიაღწევ, შესაძლებელია მიაღწიო ადამიანების გულისა და გონების ოკუპაციით“, - სწორედ ესაა პუტინის რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედების მთავარი ქვაკუთხედი. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში კრემლი აქტიურად აყალებს ისტორიას და ცდილობს, არარსებულ გენოციდზე აპელირებით, ერთი მხრივ, დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, ხოლო, მეორე მხრივ, გააძლიეროს საკუთარი გავლენა.

„ტყუილი, რომელსაც მომკითხავ-გამომპასუხებელი არ ჰყავს, წლების შემდეგ სიმართლედ მოგვევლინება ხოლმე“- ამბობს ჩვენთან საუბარში „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი და დეტალურად განგვიმარტავს, როგორ მუშაობს პუტინის პროპაგანდისტული მანქანა, რა საფრთხეებს შეიცავს იგი საქართველოსათვის და რა როლი ეკისრება სიმართლის დადგენასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დოკუმენტურ ფილმს - „ცხინვალი 1920“

- ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული პროპაგანდა და კრემლი სულ უფრო ეფექტიანად იყენებს მას, როგორც იარაღს სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. რა შეგვიძლია ვთქვათ სამხრეთ კავკასიაში რუსული ინტერესებისა და ამ რეგიონში მის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის შესახებ?

- დიდი ხანია, კრემლში სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას ერთ გეოგრაფიულ არეალად ხედავენ, რომელიც მათ საზღვრებთან ჯერ კიდევ დამატებით თავისტკივილად რჩება. განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასია და მისი ცენტრი (გული) საქართველო, რომელიც სხვა მეზობელი ქვეყნებისგან და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკებისგან განსხვავებით, წვალებით, მაგრამ ჯიუტად მაინც აგრძელებს დემოკრატიული, ცივილური, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შენებას. ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოებაც მაქსიმალურად მოწყვეტილია რუსულ პოლიტიკურ ფარვატერს. თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ტრადიციული დაპირისპირების ლოგიკას გავყვებით, რუსეთის სახელმწიფო ინტერესების დამცველებისთვის ჩვენი პოლიტიკური თუ კულტურული განვითარების კურსი დიდად მომხიბვლელი არ უნდა იყოს.

დაპირისპირების ამ ლოგიკაში მოსკოვი თბილისსაც ისეთი თვალით უყურებს, როგორც ვაშინგტონს, ლონდონს... ანუ, მტრის თვალით. ეს კი მისთვის „პრობლემაა“. მართალია, ევროპული, თუ გნებავთ - „დასავლური“ უსაფრთხოების არქიტექტურა უამრავ ნაკლოვანებებს შეიცავს, მაგრამ მაინც ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი „პრობლემების“ მოგვარებისთვის კრემლს იმ გზებისა და მეთოდების გამოყენების უფლება არ მისცეს, რომლებიც მოსკოვისთვის ასეთი ნაცნობი და ახლობელია. შესაბამისად, მოსკოვში სჯერათ, რომ რასაც ტერიტორიების ოკუპაციით ვერ მიაღწევ, შესაძლებელია მიაღწიო ადამიანების გულისა და გონების ოკუპაციით. ამისთვის ლამის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს საინფორმაციო ველის რუსული ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ.

- კრემლის დასაყრდენი ძალები და პროპაგანდის იარაღები - გარდა სეპარატისტული ძალებისა, რა არხებს იყენებს პუტინის რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ "ჰიბრიდული ომის" საწარმოებლად?

ე.წ "ჰიბრიდული ომის" ეფექტიანი წარმოებისთვის ყველაზე კარგი საშუალებებია: სამიზნე ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეების ერთდროული და კოორდინირებული გამოყენება. დემოკრატიული ქვეყნებისთვის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, თავისუფალი ბაზრის პრინციპი, ადამიანის უფლებები, ეთნიკური უმცირესობების უფლებები და სხვა ცივილური, ძლიერი ქვეყნისა და სამოქალაქო საზოგადოების შენების საწინდარია. ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ამ „სიძლიერეებს“ და „სიმდიდრეებს“ ამავე, ანუ სამიზნე ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს, რადგან მისთვის, როგორც ბოროტებისთვის არ არსებობს უკანონობის, უსამართლობის, უზნეობის და ამორალურობის ჭერი. ინტერნეტიც კი, რომელიც თანამედროვე კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი დემოკრატიული ინსტიტუტია, ჰიბრიდული ომის ავტორებისთვის ბოროტების იარაღად გვევლინება. ამდენად, თანამედროვე საკომუნიკაციო ქაოსმა ვირტუალური განზომილება პოლიტიკური ძირგამომთხრელი საქმიანობის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად აქცია, სხვა ღია და უკვე ცნობილ „არხებთან“ ერთად.

- რა საფრთხეებს შეიცავს საინფორმაციო ომი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა საქართველოსათვის?

- მტრული პროპაგანდა, ასევე, დეზინფორმაცია არის საქართველოსა სახელმწიფოსა და საზოგადოების მოსპობის საშუალება, როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნებისთვის. ამ გზაზე, ჩვენ არ ვართ გამონაკლისები. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საინფორმაციო სივრცე არის ის განზომილება, სადაც წარმატებით შეიძლება ასიმეტრიული ომის წარმოება და შენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოს დამარცხება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საინფორმაციო წინააღმდეგობამ თავისი მოკრძალებული, მაგრამ იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლაშიც კი. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს საინფორმაციო და ფსიქოლოგიური თავდაცვის კომპონენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება საზოგადოების მედეგობის ხარისხი. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების ბრძოლისუნარიანობისა და ზოგადად, სახელმწიფოსთვის ბრძოლის სურვილის ხარისხს.

- დე-ფაქტო ცხინვალი რუსეთის "დუმას" მიმართავს თხოვნით, აღიაროს ქართველების მიერ ოსების გენოციდი, რომელიც, თითქოს, 1920 წელს მოხდა - რა რისკებს შეიცავს საქართველოსათვის არარსებული გენოციდის შესაძლო აღიარება?

- არ არსებული გენოციდის აღიარებას რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. სტრატეგიულ დონეზე, ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე ეფექტური ზეწოლის იარაღის გაჩენა. გარდა ამისა, აღიარების შემთხვევაში, გაჩნდება საქართველოს და საქართველოს საზოგადოების დისკრედიტაციის ახალი შესაძლებლობა საერთაშორისო არენაზე. ასევე, ამ გზით, კრემლი კიდევ უფრო გააღრმავებს იმ ჭრილობებს, რომლებიც ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთს, მოსკოვის აქტიური ხელშეწყობით, მივაყენეთ. ეს კი, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის მცირე, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე მეტად მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ცივი წყლის გადასხმა იქნება. კრემლს ყველაზე მეტად ხალხებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენის, ჩამოყალიბებისა და გაძლიერების ეშინია. სწორედ ამიტომ არის, რომ მის პროპაგანდას ამ მიმართულებაზე ასე მძაფრად აქვს ზიზღისა და სიძულვილის არომატი.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ „დუმა“ 1920 წელს მომხდარი აჯანყების ჩახშობის ფაქტს გენოციდის იარლიყს მიაკერებს?

საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ მსგავს აბსურდულ და მტრულ გადაწყვეტილებას ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ. მოსკოვს არ აქვს თბილისთან ურთიერთობაში პოზიტიური დღის წესრიგი. „აღიარებამდე“ ეს იქნება ზეწოლის ინსტრუმენტი ხელისუფლებაზე. „აღიარების“ შემდეგ კი მისი დისკრედიტაციის. ასეთია კრემლის თბილისთან ურთიერთობების ლოგიკა. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც არ იქნება ცალსახად პრორუსული, დაექვემდებარება დისკრედიტაციას.

- რა ფონის შექმნას ცდილობს სეპარატისტული ძალა გენოციდზე აპელირებით? რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში მათი ინტერესი?

- როდესაც ვამბობთ „სეპარატისტულ ძალას“ უნდა ვიგულისხმოთ რეჟიმი, რომელიც „თავზე აზის“ ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს. უნდა ვაჯობოთ თავს და ეს ორი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ცხინვალში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხედავს თბილისთან ურთიერთობაში თავის მომავალს, შველას, ხსნას, მაგრამ სიტუაციის მსხვერპლია. შესაბამისად, „სეპარატისტულ ძალას“ ქართველთა მიმართ სიძულვილის მაქსიმალური გაღვივებით სურს, შეამციროს ჩვენს მიმართ მცირე, მაგრამ მაინც არსებული კეთილგანწყობები. პლუს, ვიწრო, შიდაპოლიტიკური ამბიციები, როგორებიცაა რეჟიმის პოზიციონირება ადგილზე, კრემლისთვის თავის მოწონება და ოპონენტების დასუსტება.

- როგორც იცით, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი აქტიურად მუშაობს 1920 წელს მომხდარი მოვლენის დოკუმენტურად წარმოჩენაზე. "ცხინვალი 1920" კი იქნება ფილმი, რომელიც მხოლოდ ისტორიულ სინამდვილეს ასახავს - რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის პირობებში მსგავსი პროექტის განხორციელებას?

- წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ადამიანებს. უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა და რაც მთავარია, პროდუქტს პროფესიონალი და ობიექტური ადამიანებისგან შემდგარი გუნდი შექმნის. სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო თავისი შეზღუდული რესურსებით ყოველთვის ცდილობდა ამ მიმართულებით აქტიურობას. ვაცხადებთ მზაობას, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო არხით აღნიშნული პროდუქტის მაქსიმალურ გავრცელებას ვეცდებით. ტყუილი, რომელსაც მომკითხავ-გამომპასუხებელი არ ჰყავს, წლების შემდეგ სიმართლედ მოგვევლინება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასეა, დღეს, ყველას ერთად, იმ ტყუილების გაბათილება გვიწევს, რომლებზეც თავის დროზე ვიღაცამ არ უპასუხა, ვიღაცას დაეზარა, ვიღაცას კომპეტენცია არ ეყო და ასე შემდეგ... ამიტომ, მომავალ თაობებს, რომლებიც ძირითადად ინფორმაციის ინტერნეტში მაძიებლები არიან ცხინვალში, 1920 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაზე უკვე ბევრი სიმართლე დახვდებათ.

- ბუნებრივია, მხოლოდ ერთი ფილმი ვერ იქნება საკმარისი პუტინის პროპაგანდისტულ მანქანასთან დასაპირისპირებლად, რადგან მათი კამპანია გაცილებით მრავალმხრივია - გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება - რა უნდა დაუპირისპიროს სახელმწიფომ და საზოგადოებამ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ისტორიის გაყალბების მცდელობებს, რომლებიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გახშირდა?

- არ უნდა ვუპასუხოთ მოწინააღმდეგის ბრალდებებს. ჩემი აზრით, აუცილებელია რომ შენ ნაცვლად, მუდმივად მოწინააღმდეგე იმართლებდეს თავს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგია ჯერ არავის მოუფიქრებია. პლუს, აუცილებელია საკუთარ მოსახლეობასთან მუშაობა საზოგადოების მედეგობის ხარისხის ზრდისთვის, რადგან მოწინააღმდეგეს არჩეული აქვს სტრატეგია, რომელიც ქართული საზოგადოებაში შიშის და უიმედობის გრძნობების დათესვა-გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები