
"მივიღეთ გადაწყვეტილება, მაჟორიტარად წარმოგვედგინა ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა"
10/08/2020 10:42:36 საშინაო პოლიტიკა
“ქართულმა ოცნებამ” კახეთში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.
“როდესაც ჩვენ ვფიქრობდით , თუ ვინ უნდა დაგვეყენებინა კახეთის რეგიონში, მაჟორიტარობის კანდიდატად ნამდვილად არ იყო მარტივი შეგვერჩია ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენთვის იქნებოდა მისაღები, ადამიანი რომელიც იქნებოდა თქვენი საკუთარი შვილი, ადამიანი, რომელიც გამოცდილი გეყოლებოდათ ლხინშიც და ჭირშიც. რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრის შემდეგ, კვლევების შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თელავის, ახმეტის , ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარად წარმოგვედგინა ადამიანი, რომელიც თქვენთვის უცხო არ არის. თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ , ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა , ადამიანი , რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება. კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი გახლავთ წესიერი, უნარიანი ადამიანი, რომელსაც არ ეშლება ადამიანებთან კომუნიკაცია, არის თავისი საქმის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ , ჩვენს გუნდთან ერთად ის, რა თქმა უნდა , ყველა იმ გამოწვევას, ყველა იმ პრობლემას, რომელიც რეგიონს აწუხებს, ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად ღირსეულად უპასუხებს. მე მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ის იქნება ადამიანი, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაიცავს კახელების სიტყვას”, – განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ქადაგიშვილის წარდგენისას.