"ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა"
10/08/2020 14:50:32 სამართალი
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, "თამარ ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა". ამის შესახებ მან სახმარაულის ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურა Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ ქსელში შესვლა ხელმეორედ სცადონ.
"სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი - ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში",-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქმეში FBI-ის ჩართვა აუცილებელია, ვინაიდან შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ ხდება:
"დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს და ყველაფერი ეს უნდა მოხდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. მაგრამ ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, თუმცა მაინც ვერ იხსნება და აქედან გამომდინარე ეს ჩვენი მოთხოვნა, რომ FBI ჩაერთოს - უკვე სავალდებულოა".
ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში FBI-ს ჩართვას მოითხოვს. 4 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვა.


