შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

10-08-2020 21:18:29 სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ბრლდების შემსუბუქებას ითხოვს, - იუწყება ტელეკომპანია "ფორმულა".

"აღიარებს, რომ ამ ცემაში გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო... წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის. დარტყმით დაარტყა. ამბობს, თვითონ ყოველ შემთხვევაში ამას უთითებს, რომ ფეხის არეში დაარტყა", - აცხადებს, "ფორმულას" ცნობით, ჟვანიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.

ჟვანიას აღნიშნულ საქმეში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჟვანია აქამდე ძალადობაში მონაწილეობას უარყოფდა. კერძოდ, იგი ადასტურებდა, რომ რკინის მილი მოუქნია არაგვის ხიდზე მომავალი ექვსეულიდან ერთ-ერთს, თუმცა აცხადებდა, რომ ვერ იხსენებდა, მოხვდა თუ არა აღნიშნულ პირს მისი მოქნეული ხელკეტი.

მოგვიანებით, ნიკა ჟვანიას ადვოკატმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, სიმართლეს არ შეესაბამება:

"არავითარი სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა. არც ბრალის აღიარება მომხდარა, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ. ერთ-ერთ ჟურნალისტს განვუმარტეთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენების მიცემის პირველივე დღიდანვე ადასტურებდა და აღიარებდა ინციდენტში გარკვეული მონაწილეობის ფაქტს. თუმცა ამას ბრალის ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ის არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ კვალიფიკაციას".

შაქარაშვილის ოჯახი "ტოიოტას" მგზავრების მკვლელობის მუხლით პასუხისგებაში მიცემას კვლავ მოითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები