ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
11/08/2020 07:50:29 სამართალი
ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის ტარიელ ბალაბანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
"ბრალი წარედგინა 2 მუხლით 108-ე [განზრახ მკვლელობა] და 236-ე [იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება]. 108-ე მუხლთან მიმართებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ხოლო მეორე მუხლით წარდგენილ ბრალს ეთანხმება. ჩვენებას არ აძლევს. იყენებს დუმილის უფლებას. შუამდგომლობის დაყენებას გირაოსთან დაკავშირებით არ ვაპირებთ", - განაცხადა ბალაბანიშვილმა.
ცნობისთვის: ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა.


