ასლან ბჟანია თბილისთან ურთიერთობებში დადებით დინამიკას ვერ ხედავს

11-08-2020 14:33:25 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია თბილისთან ურთიერთობებში დადებით დინამიკას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან რუსულ გაცემიმა «Известия»-სთან ინტერვიუში განაცხადა.

«სადღეისოდ საუბარი დადებით ცვლილებებზე შეუძლებელია. საკვანძო საკითხი აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაა. თუმცა თბილისი მსგავსი სამართლებრივი დოკუმენტის გაფორმებაზე უარს აცხადებს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობას რეალურად სურს მშვიდობა, მაშინ მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩონოს და ქმედებებით და არა ყოველგვარი ვალდებულებისგან გაცლილი დეკლარირებით დაარწმუნოს აფხაზეთი და მისი ხალხი იმაში, რომ პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის ძალისმიერი მეთოდები ერთხელ და სამუდამოდაა გამორიცხული მის პოლიტიკაში», – აღნიშნა ბჟანიამ.

მისივე აზრით, საუბარი ნდობის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენასა და “კონსტრუქციულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთქმედებაზე” მხოლოდ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

«მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აღიაროს შექმნილი ახალი რეალობა, რომელთა შორის საკვანძო ისაა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა აქედან გამომდინარე ყველა სამართლებრივი, პოლიტიკური და სხვა შედეგით. და აქ ყოველგვარი ინტერპრეტაციები გამორიცხულია. თუმცა ამავე დროს, ყველას სჭირდება მშვიდობა – მასში როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხია დაინტერესებული. მხოლოდ მსგავს პრინციპებზეა შესაძლებელი შემდგომი დიალოგი, ურთიერთქმედება და ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივები, რისგანაც, ჩემი რწმენით, ორივე მხარე მოიგებს», – აღნიშნა ბჟანიამ.

ამასთან, მან აღიარა, რომ პანდემიის შედეგად აფხაზეთის ეკონომიკური დანაკარგები «ძალიან ძალიან მნიშნელოვანია».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები